ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2025-06-02

XVIII საუკუნის ორენოვანი ლექსიკოგრაფიის ისტორიიდან (პირველი იტალიურ-ქართული სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი)

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს XVII-XIX საუკუნეების საქართველოსა და უცხოეთის არქივებში დაცული მისიონერების მიერ შედგენილი ორენოვანი დარგობრივი (სამედიცინო) ხასიათის ლექსიკონების შესწავლას და ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშის,  XVIII საუკუნით დათარიღებული ქართულ-იტალიური ლექსიკონის (დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში N4742) გამოცემას. 

ლექსიკონი საინტერესოა ადრეულ გლობალურ სამყაროში კულტურულ ცენტრსა (ევროპული კათოლიკური სამყარო) და პერიფერიას (ქართული კათოლიციზმი) შორის ცოდნის ორმხრივი (და არა მხოლოდ ცალმხრივი, ევროპაცენტრისტული) მიმოცვლის შესწავლის თვალსაზრისით. მისიონერების  ლექსიკოგრაფიულ მასალებში  წარმოდგენილია ის ცოდნა, გამოცდილება, რაც მათ ადგილობრივ ქართულ თემთან, არა მხოლოდ კათოლიკეებთან ურთიერთობისას შეითვისეს. 

მისიონერების ლექსიკოგრაფიულ მასალებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში არსებული წამლობისა და კურნების უძველესი პრაქტიკა  კათილიკეებმა მეტ-ნაკლები ინტენსივობით მათ მიერ შედგენილ ყველა ლექსიკონში ასახეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მაქვს, როგორც  სამკურნალო მცენარეთა იტალიურ-ქართული ლექსიკონის  (S  ფონდი N4742) გამოცემა, სამედიცნო ცოდნის მიმოცვლის თვალსაზრისით სხვა კათოლიკური ლექსიკოლოგიური მასალების მოძიება და შესწავლა. 
გვიანი შუა საუკუნეების ევროპელთა მიერ შედგენილ ტექსტებში ქართული სამედიცინო ტრადიციის დოკუმენტირების, მათსავე სამკურნალო ტრადიციაში ქართული ელემენტების გამოყენების კვლევა, შესაბამისი ლექსიკოგრაფიული ნაშრომების გამოცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური კვლევების თანამედროვე  დისკუსიებში მეთვრამეტე საუკუნის ქართული და საქართველოში შექმნილი ტექსტური მემკვიდრეობის ინტეგრირებისთვის. 


პროექტები » ყველას ნახვა