ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

კონკურსები

2023-12-04 - 2024-01-15

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების კვლევითი საგრანტო პროგრამა

უკვე 10 წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტაბილურად ინარჩუნებს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციის სტატუსს; ამის მასტიმულირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საუნივერსიტეტო კვლევითი სტრატეგიისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის საფუძველზე წარმატებული კვლევებისთვის ყოველწლიური შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების/ თანადაფინანსების სისტემის არსებობა. შესაბამისი სისტემის არსებობა აისახება უნივერსიტეტის საერთაშორისო რანჟირებების მაჩვენებელში, მაგალითისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2024 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგს ინარჩუნებს. აღსანიშნია, რომ უნივერსიტეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია კვლევის ხარისხის კატეგორიაში – 47,7, ხოლო სამეცნიერო დარგების მიხედვით ილიას უნივერსიტეტი ყველაზე მაღალ - 351-ე პოზიციას იკავებს ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (Physical Sciences).ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებისა და პროფესორების მიერ გამოქვეყნებული მაღალი სანდოობის სამეცნიერო პუბლიკაციების ზრდა და სამეცნიერო კვლევებში სტუდენტთა ინტენსიური ჩართულობა ადასტურებს, რომ უნივერსიტეტს აქვს წარმატებული კვლევების ინსტიტუციონალიზაციის დიდი პოტენციალი. ამ შესაძლებლობების ოპტიმალურად რეალიზებისათვის 2019, 2020 და 2021 წლებში გამოცხადდა უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების კვლევითი საგრანტო პროგრამა.

2024 წლის ინსტიტუტიცური განვითარების კვლევითი პროექტების კონკურსი, რომლის პრიორიტეტები იქნება როგორც კვლევა, ასევე ორმაგი ხარისხის და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მომზადება/შემუშავებისა, მეცნიერების პოპულარიზაცია და STEM მიმართულების მხარდაჭერა.
საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები უნდა აისახოს მაღალი სამეცნიერო სანდოობის მქონე საერთაშორისო პუბლიკაციებში (სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო რეცენზირებულ თემატურ ჟურნალში/ჟურნალებში, რომლებიც აღიარებულ საერთაშორისო ნუსხებშია შესული; ამასთანავე, უნდა გახდეს უფრო დიდ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის წინაპირობა (საგრანტო განაცხადის მოსამზადებლად ჩატარებული წინასწარი კვლევა).

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის პირობები
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მოქმედ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს (ინსტიტუტი/ ცენტრი/ლაბორატორია) ან უნივერსიტეტის პროფესორთა და მკვლევართა ჯგუფს (არანაკლებ 3-ისა), რომლის ინსტიტუციონალიზაცია მოხდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. სავალდებულოა პროექტში ჩართული იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეზღუდვა: კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია იმ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს, რომლებიც ფინანსდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.


წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილე სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა/პროფესორ-მკვლევართა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს:
პროექტის განაცხადის ფორმა (დანართი 1) და ბიუჯეტი (დანართი 2) მისამართზე: research.office@iliauni.edu.ge


გრანტის ოდენობა
ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი.


გრანტის ფარგლებში დაფინანსდება:
• კვლევით პროექტში მონაწილეთა (გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისა) შრომის ანაზღაურება;
• პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატიის გამოქვეყნება (ან თანხმობა გამოქვეყნებაზე) საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემაში;
• პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი მცირე მივლინების ხარჯები (მაქსიმალური თანხა 3000 ლარი)*
შენიშვნა: კონკურსი არ ითვალისწინებს ტექნიკის შესყიდვას.
პროექტის გრაფიკი და განხორციელების ვადები
• კონკურსის დოკუმენტაციის წარდგენის ვადები: 2023 წლის 4 დეკემბრიდან - 2023 წლის 15 იანვრის ჩათვლით
• შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 2024 წლის 29 იანვრისა
• პროექტის განხორციელება: 1.02.2024-01.02.2025

იხილეთ ფორმები:

1. დანართი 1- პროექტის განაცხადი

2. დანართი 2 -  ბიუჯეტი

3. დანართი 3- ბროექტის საბოლოო ანგარიში


კონკურსები » ყველას ნახვა