
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა ინსტიტუციური განვითარების პროგრამა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების კვლევითი პროგრამა
პროგრამის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
ერთიანი საუნივერსიტეტო ძალისხმევით უკვე 10 წელზე მეტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტაბილურად ინარჩუნებს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციის სტატუსს. ამის მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორია საუნივერსიტეტო კვლევითი სტრატეგიისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის საფუძველზე წარმატებული კვლევებისთვის ყოველწლიური შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების/ თანადაფინანსების სისტემის არსებობა.
შესაბამისი სისტემის არსებობა აისახება უნივერსიტეტის საერთაშორისო რანჟირებების მაჩვენებელში, მაგალითისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგს ინარჩუნებს. შთამბეჭდავია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრესი კვლევის ამ მნიშვნელოვან კატეგორიაში. 2022 წლის ნიშნული 34.6 2024 წლისთვის 49.6-მდე გაიზარდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით საუკეთესო პოზიციას ინარჩუნებს ისეთ საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგებში, როგორიცაა: Scimago, US News Ranking, RUR World University Ranking, World University Rankings for Innovation.
2022 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა უნივერსიტეტის საერთაშორისო პერსპექტივის მაჩვენებელიც (International Outlook), რაც განპირობებულია საერთაშორისო პროგრამების შემუშავებითა და მხარდაჭერით. ამ ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლების სამივე საფეხურზე ახორციელებს ერთობლივ და ორმაგი ხარისხის პროგრამებს და ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად თორმეტი მიმართულებით ანიჭებს ერთობლივ ან ორმაგ ხარისხს. ილიაუნი დიდი ძალისხმევით მუშაობს გაცვლითი პროგრამებისა და უცხოელი სტუდენტებისთვის აკრედიტებული მოკლევადიანი პროგრამების (study abroad) განვითარებაზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის ინსტიტუციური განვითარების კონკურსს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობენ უნივერსიტეტის სტრატეგიულ ზრდას, აკადემიურ წარმატებულობას და ეფექტურობას. მცირე გრანტების პროგრამა მაღალი იმპაქტის კვლევის, სწავლებაში ინოვაციებისა და შესაძლებლობების განვითარების აქტივობების მეშვეობით ხელს უწყობს ინსტიტუციურ განვითარებას.
უნივერსიტეტის კვლევითი სტრატეგიის ამოცანების გათვალისწინებით საგრანტო პროგრამის მიზნებია:
- კვლევითი და აკადემიური ინფრასტრუქტურის გაძლიერება.
- მკვლევრებს შორის ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება და ხელშეწყობა.
- განათლების, ასევე კვლევითი მიმართულებით ფართომასშტაბიანი სტრატეგიული ინსტიტუციური პარტნიორობის განვითარება.
- პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც წინ უძღვის უნივერსიტეტის 2025 წლის სტრატეგიულ პრიორიტეტებს.
- ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა.
2025 წლის ინსტიტუციური განვითარების კვლევითი პროექტების კონკურსის პრიორიტეტები იქნება როგორც კვლევა, ასევე ორმაგი ხარისხის და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მომზადება/შემუშავება, მეცნიერების პოპულარიზაცია და STEM მიმართულების მხარდაჭერა. 2025 წლის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პროექტებს[i].
ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფებს მოვუწოდებთ, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა 2025 წლის კონკურსში და წარმოადგინონ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ აკადემიურ ზრდას და მდგრად განვითარებას დარგებს შორის, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ, გაიძლიერონ კვლევითი გამოცდილება და მიიღონ პროექტისა და დაფინანსების მართვის გამოცდილება.
პროგრამაში გამარჯვებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები უნდა აისახოს მაღალი სამეცნიერო სანდოობის მქონე საერთაშორისო პუბლიკაციებში (სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო რეცენზირებულ თემატურ ჟურნალში/ჟურნალებში, რომლებიც აღიარებულ საერთაშორისო ნუსხებშია შესული); ამასთანავე, უნდა გახდეს უფრო დიდ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის წინაპირობა (საგრანტო განაცხადის მოსამზადებლად ჩატარებული წინასწარი კვლევა).
პროგრამაში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და მკვლევრების ჯგუფს. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მოქმედ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს (ინსტიტუტი/ ცენტრი/ლაბორატორია)[ii]. პროექტში მნიშვნელოვანია ჩართული იყოს არანაკლებ 2 უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი. სავალდებულოა პროექტში ჩართული იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილე სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა/პროფესორ-მკვლევართა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს:
პროექტის განაცხადის ფორმა (დანართი 1) და ბიუჯეტი (დანართი 2) მისამართზე: research.office@iliauni.edu.ge
გრანტის ოდენობა
ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი.
გრანტის ფარგლებში დაფინანსდება:
- კვლევით პროექტში მონაწილე სტუდენტების და ახალგაზრდა მეცნიერების[iii] (გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისა) შრომის ანაზღაურება;
- პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატიის გამოქვეყნება (ან თანხმობა გამოქვეყნებაზე) საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემაში;
- პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი მცირე მივლინების ხარჯები (მაქსიმალური თანხა 3000 ლარი)*
შენიშვნა: კონკურსი არ ითვალისწინებს ტექნიკის შესყიდვას.
პროექტის გრაფიკი და განხორციელების ვადები
- კონკურსის დოკუმენტაციის წარდგენის ვადები: 2025 წლის 20 მარტიდან - 2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით
- შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 2025 წლის 1 მაისისა
- პროექტის განხორციელება: 1.05.2025-01.05.2026[iv]
საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა
საკონკურსო დოკუმენტაციას განიხილავს და გადაწყვეტილებას ოქმის სახით აფორმებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი საბჭო და წარუდგენს დასამტკიცებლად უნივერსიტეტის რექტორს.
ანგარიშგება
ინსტიტუციური განვითარების კვლევითი საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ანგარიშს კვლევის განმახორციელებელი ინსტიტუცია 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამისი ფორმით (იხ. დანართი 3) წარუდგენს კვლევების კოორდინაციის სამსახურს განსახილველად.
[i] ახალგაზრდა მეცნიერი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ნებისმიერ მეცნიერი, რომელსაც განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ჯერ არ შესრულებია 36 წელი. პროექტის გუნდში მნიშვნელოვანია შედიოდეს მინიმუმ 1 ახალგაზრდა მვლევარი, როგორც ძირითად პერსონალი.
[ii] შეზღუდვა: კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია იმ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს, რომლებიც ფინანსდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
[iii] შრომითი ანაზღაურების ლიმიტი: თვიური ანაზღაურება არაუმეტეს 600 ლარი მხოლოდ სტუდენტისთვის განკუთვნილი.
[iv] ფინანსური ადმინისტრირება: პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფინანსური აქტივობები (შესყიდვა, მივლინება, შრომითი ანაზღაურება) უნდა განხორციელდეს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსები » ყველას ნახვა