2026 წლის Times Higher Education-ის ინტერდისციპლინური კვლევების რანჟირებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა
2026 წლის Times Higher Education-ის ინტერდისციპლინური კვლევების რანჟირებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა და მისი მონაცემები ორჯერ მაღალია რანჟირებაში მოხვედრილი ქართული უნივერსიტეტების მონაცემებზე (ქართული უნივერსიტეტები 800+ ადგილზეა). ილიაუნი მსოფლიო მასშტაბით 401-500 ჯგუფშია 92 ქვეყნის 994 უნივერსიტეტს შორის (1267 კანდიდატი უნივერსიტეტი).
Interdisciplinary Science Rankings მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის იმ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმევით მუშაობენ ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებაზე. ინტერდისციპლინური კვლევის განვითარება დღეს გლობალური მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ილიაუნის ამ პროცესში ქვეყნის მასშტაბით ღირსეულად უკავია ლიდერის პოზიცია.
ინტერდიცისპლინური კვლევების რანჟირება შექმნილია Schmidt Science Fellows-თან თანამშრომლობით და Times Higher Education-ის პირველი გლობალური ინიციატივაა, რომელიც უნივერსიტეტების ინტერდისციპლინურ მეცნიერებაში შეტანილ წვლილს და თანამშრომლობის გავლენას ზომავს.
რეიტინგის მეთოდოლოგია ეფუძნება სამ მთავარ ნიშნულს:
- Inputs: დაფინანსება და რესურსები
- Process: წარმატების ინდიკატორები, ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციული მხარდაჭერა და კვლევის ხელშეწყობა
- Outputs: პუბლიკაციები, კვლევითი ხარისხი და აკადემიური რეპუტაცია
შეფასება ეფუძნება 11 ქვენიშნულს, რომლებიც კვლევის სრული ციკლის თითოეულ ასპექტს აფასებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნიშნულში Outputs მიიღო 51.9 ქულა, რაც მისი სამეცნიერო პროდუქტიულობის, ხარისხიანი კვლევებისა და მზარდი საერთაშორისო რეპუტაციის მკაფიო ინდიკატორია. ამ ნიშნულით ილიაუნი უსწრებს შემდეგ უნივერსიტეტებს: მოდენასა და რეჯო ემილიას უნივერსიტეტი, იტალია (190-ე ადგილზეა ძირითად სიაში), კეიოს უნივერსიტეტი, იაპონია (195-ე), სალამანკის უნივერსიტეტი, ესპანეთი (156-ე), ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია (141-ე).