ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

Times Higher Education-ის 2026 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ლიდერია

2025-10-02

2026 წლის Times Higher Education-ის (THE) რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

THE-ის რეიტინგის მეთოდოლოგიაში განსაკუთრებული წონა ენიჭება კვლევას: კვლევითი გარემოსა და კვლევის ხარისხის ერთობლივი წილი შეადგენს საერთო შეფასების 59%-ს.  ამ თვალსაზრისით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის ხარისხის მაჩვენებელი 34.6-დან გაიზარდა 47.6-მდე.

კვლევის ხარისხის მაჩვენებლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების საგნობრივ რეიტინგშიც (SubjectRanking) ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების რეიტინგით ილიაუნი ცნობილი საერთაშორისო უნივერსიტეტების გვერდით იკავებს ადგილს, როგორებიცაა: ნანტის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), სურეის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), რურის ბოხუმის უნივერსიტეტი (გერმანია), ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტი (ავსტრალია), ბუფალოს უნივერსიტეტი (აშშ), ალბერტას უნივერსიტეტი (კანადა) და სხვ.

  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარდა ბიოლოგიისა (Physical Sciences) − ილიაუნი 107 ქვეყნის 1447 ინსტიტუციას შორის 358-ე ადგილზეა.
  • სოციალური მეცნიერებები (Social Sciences) − ილიაუნი 100 ქვეყნის 1093 ინსტიტუციას შორის 361-ე ადგილს იკავებს.
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (Life Sciences) − ილიაუნის 98 ქვეყნის 1143 ინსტიტუციას შორის  440-ე ადგილი უკავია.
    

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს საერთაშორისო კვლევით პარტნიორობას: გაფართოვდა თანამშრომლობა ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან; შეიქმნა  ორმაგი ხარისხის ახალი პროგრამები და გაიზარდა საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობები.  საერთაშორისო ხილვადობის მაჩვენებლით მსოფლიო მასშტაბით ილიაუნი 814-ე პოზიციას იკავებს.