ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026 წლის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ევროპული კონფერენციის მასპინძელია

2025-08-01

2026 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მასშტაბურ ევროპულ კონფერენციას ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ (European Conference on Ethics and Integrity in Georgia). კონფერენცია პირველად გაიმართება კავკასიის რეგიონში და იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის აკადემიური საზოგადოებისთვის. კონფერენციის ორგანიზატორია აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია (ENAI).

კონფერენციის მასპინძლობა ადასტურებს ილიაუნის სამეცნიერო-კვლევით პოტენციალს და მის დამოკიდებულებას განათლებისა და კვლევის ეთიკის სფეროში ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების მიმართ. ღონისძიება თავს მოუყრის ევროპის და მის გარეთ მცხოვრებ მეცნიერებს, პედაგოგებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და პროფესიონალებს აკადემიური ეთიკის უახლესი გამოწვევების განსახილველად.

ამ ფართომასშტაბიანი ღონისძიების დასრულებისთანავე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე უმასპინძლებს Erasmus-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ დასკვნით კონფერენციას. ეს ღონისძიება იქნება პლატფორმა პროექტის შედეგების გასაზიარებლად, რაც შემდგომ ხელს შეუწყობს აკადემიაში ეთიკური პრაქტიკის განვითარებას.

კონფერენციების შესახებ დამატებითი დეტალები მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.