
მოკლე პერიოდიანი აქტიურობის ციკლები მზის ტიპის ვარსკვლავებში
თანამედროვე კოსმოსური მისიების Kepler-ის, CoRoT-ის and TESS-ის მიერ შეგროვდა უზარმაზარი ინფორმაცია მზის ტიპის ვარსკვლავების აქტიურობის შესახებ. მზის აქტიურობის შესახებ დაგროვილი უზარმაზარი ცოდნა შესაძლოა გამოყენებული იქნას ვარსკვლავების დინამო მოქმედების ფიზიკის გასაგებად. მეორეს მხრივ, ვარსკვლავების აქტიურობის დაკვირვებები, რომლებიც ევოლუციის სხვადასხვა ფაზაში იმყოფებიან, დაგვეხმარებიან გავიგოთ როგორ შეიცვლება მზის აქტიურობა დროში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი ურთიერთთანამშრომლობა. ეს პროექტი წვლილს შეიტანს ამ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში.
11-წლიანი ციკლის გარდა, მზის აქტიურობას გააჩნია მოკლე პერიოდიანი ცვლილებებიც 155-200 დღიანი დროითი მასშტაბით, რომელიც რიეგერის პერიოდულობით არის ცნობილი. ეს პერიოდულობა დაკავშირებულია დინამო ფენაში მაგნიტური როსბის ტალღების არსებობით. ამიტომ დაკვირვებული პერიოდების და ტალღების თეორიული თვისებების გამოყენებით შეგვიძლია შევაფასოთ მზის დინამო ფენის პარამეტრები (მაგნიტური ველის სიძლიერე და ა შ). პროექტის მთავარი მიზანია ამ მეთოდის გამოყენება სხვადასხვა ბრუნვის პერიოდის მქონე მზის ტიპის ვარსკვლავებისთვის და შესაბამისად შევაფასოთ დინამოს თვისებები ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე. პროექტის მთავარია ამოცანებია ა) რიეგერის ტიპის პერიოდების დაკვირვება მზის ტიპის ვარსკვლავების სინათლის მრუდებში (ამოცანა 1, ამ ამოცანის მიზანია Kepler-ის, CoRoT-ის and TESS-ის მზის ტიპის ვარსკვლავების სინათლის მრუდების ანალიზი რიეგერის ტიპის პერიოდების საპოვნელად ლომბ-სკარგლისა და ვეივლეტის მეთოდების გამოყენებით), ბ) მაგნიტური როსბის ტალღების შესწავლა ვარსკვლავების დინამო ფენაში (ამოცანა 2, ამ ამოცანის მიზანია მაგნიტური როსბის ტალღების შესწავლა ვარსკვლავების დინამო ფენის სხვადასხვა პარამეტრებისთვის მაგნიტოჰიდროდინამიკური თხელი ფენის მიახლოების გამოყენებით), გ) ვარსკვლავების დინამო ფენების სეისმოლოგია და დინამო აცტიურობის შეფასება ევოლუციის სხვადასხვა ფაზაში მყოფი ვარსკვლავებისთვის.(ამოცანა 3, ამ ამოცანის მიზანია დაკვირვებებით და თეორიულად მიღებული პერიოდების გამოყენებით დინამო ფენების დიაგნოსტიკა და ვარსკვლავების შინაგანი მაგნეტიზმის ევოლუციის გაგებას). პროექტის მოსალოდნელი შედეგები განავითარებენ კვლევას მზის და ვარსკვლავების მიმართულებით.
პროექტი გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში. ამოცანები 1 და 2 შესრულდება პირველი და მეორე წლების განმავლობაში, ხოლო ამოცანა 3 განხორციელდება მესამე წლის განმავლობაში. პროექტის გუნდი შედგება ორი გამოცდილი და ორი ახალგაზრდა (დოქტორანტი) მეცნიერისგან. გუნდის წევრები არიან როგორც მონაცემთა დამუშავების (ერთი გამოცდილი და ერთი ახალგაზრდა მეცნიერი) ასევე თეორიული მოდელირების (ერთი გამოცდილი და ერთი ახალგაზრდა მეცნიერი) სპეციალისტები.
პროექტები » ყველას ნახვა