
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის
პროექტი ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარის „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის“ ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური ბაზის მომზადებას. ვითვალისწინებთ რა ადგილობრივ სპეციფიკას, ჩვენი პროექტის საბოლოო შედეგს მივცემთ ტრადიციული სახელმძღვანელოსა და handbook-ის ჰიბრიდის ფორმას. სამიზნე აუდიტორიად საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები და უცხოეთის ქართველოლოგიური ცენტრები მოიაზრება.
უმაღლესი სწავლების პირველი საფეხურისათვის კვალიფიციური ცნობარის მომზადება თანამედროვე ქართველოლოგიის ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხია, რომლის გადაჭრაც ხელს შეუწყობს ძველი ქართული ლიტერატურის სწავლისა და სწავლების პროცესში უახლესი მეთოდოლოგიური მიდგომებისა და კონცეფციების იმპლემენტაციას. სადღეისოდ არსებობს ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიის ხელახალი ანალიზის მრავალი მცდელობა. ამ ნაშრომთა მნიშვნელობის მიუხედავად, ვერც ერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს უმაღლესი სახელძღვანელო ცნობარის მოთხოვნებს, ვინაიდან მათში წარმოდგენილი ანალიზი აღწერითია და არ ითვალისწინებს განსხვავებული მეთოდოლოგიის ანდა ინტერდისციპლინარული კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურის ახლებური ანალიზი აუცილებელია.
ძველი ქართული საერო ლიტერატურის შესწავლისას გამოვლენილი უკანასკნელი პერიოდის მეცნიერული მიგნებების ამსახველი წიგნის შექმნის აუცილებლობას ნათელს ხდის ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ვერ დავასახელებთ ამ პერიოდის ქართული ლიტერატურის ერთიანი და იმავდროულად დეტალური შესწავლის მცდელობის ვერც ერთ ახალ მაგალითს. ბოლო პერიოდში, მართალია გამოქვეყნდა საფუძვლიანი გამოკვლევები, მაგრამ არ გაანალიზებულა ძველი ქართული საერო ლიტერატურა, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ამასთან, ეს მნიშვნელოვანი ნაშრომები არ არის განკუთვნილი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს პროექტში ძველი ქართული ლიტერატურა, როგორც ერთიანი (და, ამასთან, მრავალფეროვანი) ესთეტიკური ფენომენი, განხილული იქნება ინტერდისციპლინური, კომპარატივისტული, ინტერკულტურული, სემიოტიკური, ასევე -კულტურის კვლევების მეთოდოლოგიათა საფუძველზე.
ძველი ქართული საეკლესიო და საერო ლიტერატურა წარმოქმნის ორიგინალურ კულტურულ ფენომენს, რომლის წიაღში როგორც დასავლური, ასევე ორიენტალისტური ელემენტებისა და ტენდენციების როლის შესწავლა მეცნიერულად უაღრესად ფასეული იქნება. ამიტომ ჩვენს პროექტში შუა საუკუნეების კვლევების სპეციალისტისა და ლიტერატურათმცოდნის პარალელურად გათვალისწინებულია მეცნიერი-ორიენტალისტთა მონაწილეობა. ძველი ქართული ლიტერატურის დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროებთან კავშირების კვლევა დიდი ხანია მიმდინარობს. თუმცაღა, ჩვენ მიერ ამ მიმართულებით შემოთავაზებულია სიახლე: ცნობილია, რომ შუა საუკუნეების სპარსული ლიტერატურა არაბულ ლიტერატურულ ნორმებს ემყარებოდა და უცხოელ მკვლევართა ნაწილი არაბულ-სპარსულ ლიტერატურულ ნორმებზე საუბრობს. საინტერესო იქნება, შუა საუკუნეების ქართული-სპარსულ ლიტერატურული ურთიერთობების პარალელურად გამოკვლეულ იქნას კავშირები შუა საუკუნეების არაბულ ლიტერატურასთან იმ ქართულ ნაწარმოებებში, რომლებშიც სპარსული კვალი თუ ზეგავლენა დიდი ხანია გამოვლენილი და გამოკვლეულია. მეორე სიახლე უკავშირდება უკანასკნელი პერიოდში გამოქვეყნებულ ნაშრომებს, რომლებიც შუა საუკუნეების სპარსული სასიყვარულო პოეზიისა და რომანტიზმის წარმომადგენელთა ლიტერატურული მემკვიდრეობის შედარებით ანალიზს შეიცავს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტის კოორდინატორის მიერ რომანტიკოსთა შემოქმედების ზედმიწევნითი ცოდნა დაგვეხმარება ძველი ქართული საერო მწერლობის დღემდე შეუმჩნეველი ასპექტების გამოვლენაში, რომელთა შემჩნევაც, შესაძლოა, მხოლოდ რომანტიკოსთა შემოქმედების ფონზე გახდეს შესაძლებელი.
შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისთვის ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური ბაზის მომზადებას, რომელიც მომავალში თითოეული ნაწარმოების ძირფესვიანი ანალიზის მეშვეობით მოექცევა არა მხოლოდ ძველი ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ჰუმანიტარული მიმართულების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა, არამედ აგრეთვე უცხოელ ქართველოლოგთა ყურადღების ცენტრში.
პროექტები » ყველას ნახვა