ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-06-03 - 2022-06-03

ეთნიკური ჯგუფები და მათი პერიოდული გამოცემები საქართველოში 1819-1921 წლებში

ჟურნალისტიკის განვითარების და ახალი პერიოდული გამოცემების გამოჩენის კვალდაკვალ პრესა საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა შესანიშნავ მატიანედ დარჩა, რომელსაც შესწავლა სჭირდება. სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების მიერ დანახული და პრესის ფურცლებზე ასახული რეალობა იმჟამინდელი ყოფის ბევრად უფრო ზუსტ სურათს მოგვცემს, ვიდრე თუნდაც კვალიფიციური ისტორიკოსის მიერ აღწერილი ისტორია. შესაბამისად, ეთნიკური ჯგუფების

ისტორიის შესასწავლად პრესაში გამოქვეყნებული მასალის გაანალიზება აუცილებელ წინაპირობად მიგვაჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დაბეჭდილი ქართულენოვანი და რუსულენოვანი პერიოდული გამოცემები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, ხოლო სრულიად შეუსწავლელია საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა ენებზე გამოსული პერიოდული გამოცემები და რიგ შემთხვევებში ამგვარი გამოცემების შესახებ ინფორმაციაც კი არ არსებობს.

ჩვენი პროექტის მკვლევართა ჯგუფი სწორედ ამ ენების სპეციალისტებითაა საგანგებოდ დაკომპლექტებული. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში 1819-1921 წწ. გამომავალი ეთნიკური ჯგუფების ენებზე გამოსული პერიოდული გამოცემების მოძიება, დახარისხება, მონაცემთა ბაზის შექმნა; კვლევა გულისხმობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ისტორიის შესწავლას; ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ბაზისი იქნება ამ ეთნიკური ჯგუფების ისტორიული სამშობლოსთვის, რადგან ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის კვლევას.

პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჭყოიძე


პროექტები » ყველას ნახვა