
შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე
იდეა შავი ზღვის როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცის კვლევის თაობაზე დაიბადა 2017 წლის
ოქტომბერში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კონფერენციის
„21-ე საუკუნის 21 გამოწვევა. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“ ფარგლებში გამართული მრგვალი
მაგიდის დროს. იდეის ავტორია ექსი-მარსელის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორი, ბატონი ალექსი
ნუსელოვიჩი. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ილიას ხაელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორები, ასევე ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული მეცნიერები. გადაწყდა შავი ზღვის
ლიტერატურული და კულტურული სივრცის კვლევის განხორციელება გრძელვადიან პერსპექტივაში, რისთვისაც
დაიგეგმა მრავალწლიანი და მრავალეტაპიანი პროექტის მომზადება „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსში წარსადგენად.
კვლევის პირველი ეტაპი არის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება თბილისში, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტში 2018 წლის 25-27 ოქტომბერს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც შავი ზღვის აუზის 6
ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი), ისე ევროპის, ამერიკის და კანადის
სხვადასხვა უნივერსიტეტების 54 პროფესორი, მკვლევარი, დოქტორანტი.
შედარებითი ლიტერატურის მოწოდებაა, გათავისუფლდეს ეროვნული ნიშნით დაყოფისაგან, მაგრამ ეს მან
ხანგრძლივი გზის გავლის შემდეგ იტვირთა. საწყის ეტაპზე ის იცავდა და ადარებდა ეროვნული ლიტერატურული
ტრადიციებისაგან შედგენილ ერთობლიობებს, რომლებიც ერთმანეთისგან ენებით იყო გამოყოფილი. მხოლოდ
მეორე ეტაპზე, ახლახანს, ის გათავისუფლდა ამ შეზღუდვებისგან და უფრო მეტად დაინტერესდა ფორმებისა და
იდეების ცირკულაციითა და გადაცემით. ერთგვარი ტრანსნაციონალური პერსპექტივა, რომელიც, დაეყრდნობა რა
ახალ მეთოდოლოგიას, კიდევ უფრო შორს შეიძლება წავიდეს, თუ დაისახავს პოსტ-ტრანსნაციონალურ მიზანს.
ამ განახლების ცნებით ინსტრუმენტებს შორის ფიგურირებს „ლიტერატურული სივრცის“ კონცეპტი, რომელიც
შთაგონებულია დეტერიტორიალიზაციის დელეზისეული ნააზრევით და ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა
ნაშრომებით1. ლიტერატურული სივრცე, რომელიც მოიაზრება გეოგრაფიისა და ისტორიის გადაკვეთაზე, მოიცავს
მრავალ ლიტერატურასა და მრავალ ენას რეგიონალურ თუ ეროვნულ დონეზე, რომლებსაც ერთმანეთთან აახლოებს
განხილული თემების, გადმოცემული დისკურსებისა თუ გამოყენებული ფორმების გაზიარება. ამის მაგალითებს
გვთავაზობს კარიბი, ხმელთაშუაზღვა თუ ბალკანები, რომელთაგან პირველმა ორმა უკვე ისარგებლა ამ სახის
ხედვით.
შავი ზღვა და მისი აუზის ექვსი ქვეყანა (საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი), მისი
მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები, მისი კულტურული მრავალფეროვნება და მისი ისტორია, რომელიც ანტიკური
ხანიდან იწყება, სანიმუშო შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ ჩვენ ის ამ პერსპექტივაში შევისწავლოთ.
პროექტები » ყველას ნახვა