ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-02-28 - 2020-03-01

ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დაფუძნებული ფიზიკის კურსი სკოლის საბაზისო საფეხურისთვის

სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი, განსაკუთრებით ფიზიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის
ნაკლებობა ცნობილი ფაქტია და იგი მსოფლიოში აღიარებული პრობლემაა. საქართველოში ეს გამოწვევა, სხვა
ობიექტურ მიზეზებთან ერთად, განპირობებულია სკოლების არასათანადო ტექნიკური აღჭურვით და
სწავლებაში ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის დეფიციტით.
წარმოდგენილი პროექტი უკავშირდება ფიზიკის გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის
საკითხს.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეთათვის ფიზიკის გაკვეთილი
მკვეთრად საინტერესო და სახალისო გახდება. კომპიუტერები და მულტიმედია შეამსუბუქებს ფიზიკური
მოვლენების შესწავლის პროცესს, ამოცანების მათემატიკურ და გრაფიკულ გადაწყვეტას, მოსწავლეებს
მიეცემათ შესაძლებლობა გაკვეთილზე მოახდინონ პროცესების კომპიუტერული სიმულაცია და შეძლონ
ექსპერიმენტებზე კონტროლი. მიღებული დასკვნები და შედეგები სხვადასხვა სოციალური ქსელით თუ
მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ხელმისაწვდომი გახადონ თანაკლასელებისთვის,
მასწავლებლებისთვის და მსოფლიოსთვის.
საქართველოში არ არსებობს ქართულ ენაზე თემატური ელექტრონული სასწავლო რესურსი ფიზიკაში,
რომელიც მოიცავს სიმულაციებს, ანიმაციურ ტესტებს და სენსორულ ხელსაწყოებზე დაფუძნებული
ლაბორატორიულ ამოცანებს ერთად ინსტრუქციით.
წარმოდგენილი პროექტის მიზანია შეიქმნას ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე
დამყარებული ინტერდისციპლინარული სასწავლო რესურსი ფიზიკის გაკვეთილებისთვის, რომელიც მოიცავს
საბაზო საფეხურის ყველა თემას. აღნიშნული რესურსი დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ და გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ თემატიკას. იგი ხელმისაწვდომი იქნება ამ
საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის ფიზიკის პედაგოგებისთვის.
სასწავლო რესურსის დანერგვა დაფუძნებული იქნება ფიზიკის სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე,
გამოვიყენებთ მსოფლიოში არსებულ თანამედროვე მეთოდოლოგიას, რომელიც სკოლაში ფიზიკის სწავლებას
უკავშირდება.
წარმოდგენილი პროექტი განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და
ხელოვნების ფაკულტეტთან არსებულ საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრში SALiS (Student
Active Learning in Science) მენტორის დახმარებით, რომელიც აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელია. პროექტი
შესრულდება შვედი მეცნიერის კონსულტირებით. შესაბამისად, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს
პროექტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის
წარმატებით განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი და შვედი მეცნიერების
გამოცდილების გაზიარება და პროექტში ჩართულობა.
ამგვარად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანები
ემსახურება ერთ მთავარ მიზანს: გავაუმჯობესოთ სკოლაში ფიზიკის სწავლების ხარისხი, რაც ნიშნავს
შევცვალოთ მოსწავლეებში ფიზიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურით და განვავითაროთ
მათში სააზროვნო უნარები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უკეთ შესწავლას.
წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება სკოლის საბაზო საფეხურის ფიზიკის
სწავლებისთვის განკუთვნილი სასწავლო რესურსი, რომელშიც ინტეგრირებული იქნება ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) და ფიზიკა.
შეიქმნება:
 ფიზიკური მოვლენების შესასწავლი სიმულაციები შესაბამისი გამოყენების ინსტრუქციებით;
 ინტერაქტიური შემაჯამებელი ტესტები;
 თანამედროვე სენსორულ ხელსაწყოებზე დაფუძნებული და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამით
უზრუნვეყოფილი ლაბორატორიული ამოცანები გამოყენების ინსტრუქციებით.
პროექტის შედეგები
 გამოქვეყნდება საერთაშორისო და ადგილობრივ რეფერირებად ჟურნალში;
 მოხსენება გაკეთდება საერთაშორისო კონფერენციაზე;
 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრში SALiS
ჩატარდება ვორქშოპები ფიზიკის მასწავლებლებთან.
საქართველოში, დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლებში ფიზიკის სწავლების
პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა
მიგვაჩნია, რომ პროცესის დაწყება დროული და აუცილებელია. 


პროექტები » ყველას ნახვა