ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-03-01 - 2020-03-02

აუმჯობესებს თუ არა კარგად გაწერილი საგაკვეთილო გეგმები მოსწავლეთა შედეგებს?

გაკვეთილის დაგეგმვა სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. თუმცა მასწავლებლები
ხშირად ჩივიან, რომ ყოველდღიურად გაკვეთილების დაგეგმვას ძალიან დიდი დრო მიაქვს.
კვლევების აჩვენებს, რომ მასწავლებლების უმეტესობას, მათ შორის ახალბედა მასწავლებლებს
უჭირთ ზოგადი და სპეციფიური მიზნების გარჩევა, სტანდარტის მიზნის საგაკვეთილო მიზანთან
დაკავშირება, მიზნებისა და შეფასების ფორმების ადეკვატური შესაბამება, რაც ხშირად არასწორად
წარმართული სასწავლო პროცესის წინაპირობაა (John, 2006). საქართველოში მასწავლებლები ყოველი
გაკვეთილისთვის არ ამზადებენ გაკვეთილის გეგმას. უფრო მეტიც, გაკვეთილის გეგმის მომზადება
ბევრ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მასწავლებლები მასწავლებლის პროფესიული
განვითარების სქემის მოთხოვნების შესაბამისად შიდა ან გარე დაკვირვებას გადიან, სამოდელო
გაკვეთილს ატარებენ.
ჩვენი კვლევის მიზანია უპასუხოს შემდეგ შეკითხვას:
შესაძლებელია თუ არა კარგად გაწერილმა ყოველდღიურმა საგაკვეთილო გეგმებმა გააუმჯობესოს
მოსწავლეთა მოსწრება?
 ამ კითხვაზე საპასუხოდ ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული საკვლევი კითხვები:
1. თუ მასწავლებლებს ექნებათ ყოველდღიური მზა საგაკვეთილო გეგმები, ექნებათ თუ არა
მოტივაცია რომ გამოიყენონ ისინი რეგულარულად?
2. როგორ გამოიყენებენ მასწავლებლები მზა გეგმებს, მიყვებიან ნაბიჯ-ნაბიჯ თუ ეცდებიან მის
მოდიფიცირებას მოსწავლეთა საჭიროებებიდან და კლასის სპეციფიკიდან გამომდინარე?
3. თუ მასწავლებლები გამოიყენებენ კარგად გაწერილ სასწავლო გეგმებს, შეიცვლება თუ არა
სწავლა სწავლების პროცესი და გახდება თუ არა უფრო მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული?
4. შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენების შემთხვევაში გაუმჯობესდეს მოსწავლეთა შედეგები?
ამ კითხვებზე საპასუხოდ, იგეგმება ექსპერიმენტის ჩატარება. ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებს
60 სკოლა, საიდანაც 30 იქნება ექსპერიმენტულ ხოლო დანარჩენი 30 საკონტროლო სკოლების ჯგუფში.
ექსპერიმენტულ ჯგუფში მყოფი ყველა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიიღებს მზა
სასწავლო გეგმას მეშვიდე კლასისათვის. მასწავლებლებს შეეძლებათ გეგმების მოდიფიცირება
საჭიროების მიხედვით (დეტალურად იხილეთ მეთოდოლოგიის ნაწილი)
თავდაპირველად ჩატარდება საბაზისო კვლევა, პროექტის განხორციელების ეტაპზე მოხდება
დაკვირვება და შედეგების შუალედური შეფასება, ხოლო პროექტის ბოლოს მოხდება მონაცემთა
შეგროვება როგორც რაოდენობრივი ასევე თვისებრივი ინსტრუმენტებით და მათი გაანალიზება.


პროექტები » ყველას ნახვა