ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

საქართველოს არიდული ჰაბიტატების კროპტოგამები: მრავალფეროვნება, კონსერვაცია, პოტენციალი გაუდაბნოების ბიოლოგიური მონიტორინგისთვის

არიდული ჰაბიტატები საქართველოს, კავკასიის ბიომრავალფეროვნების ‘ცხელ წერტილში’ მდებარე ქვეყნის
ლანდშაფტების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ჰაბიტატები მეტწილად სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოშია
გავრცელებული. ისტორიულ წარსულში არიდული ჰაბიტატების გაფართოებას აღმ. საქართველოს ბარის უწინ
ტყით დაფარულ არეებზე ადამიანის საქმიანობამ შეუწყო ხელი. სხვადასხვა გარემო ფაქტორის (მათ შორის,
კლიმატის ცვლილების) გავლენით ლანდშაფტების უფრო ღრმა და მასშტაბური არიდიზაცია, რაც მცენარეული
საფრის დეგრადაციასა და ნიადაგის ეროზიას უკავშირდება, შეუქცევადი ხდება. არიდიზაციის უკიდურესი
გამოვლინება გაუდაბნოებაა.
არიდული ჰაბიტატების მნიშვნელოვანი კომპონენტი კრიპტოგამები: სოკოები (მათ შორის, ლიქენიზებული
სოკოები) და ხავსნაირებია; მათ საკვანძო მნიშვნელობა აქვთ არიდულ ეკოსისტემებში ნივთიერებათა
წრებრუნვის, ნიადაგის სტაბილიზაციისა და ამდენად ეკოსისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
ამიტომ არიდული ჰაბიტატების პრობლემატიკის სირთულისა და თემის აქტუალობის გათვალისწინებით
იზრდება ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების აუცილებლობა; ამ ჰაბიტატებში კრიპტოგამების
1 | დანართი №3. საპროექტო წინადადება
შესწავლის საკითხსაც დიდი თეორიული და პრაქტიკული ღირებულება ენიჭება. წარმოდგენილი პროექტის
მიზნები და ამოცანებიც ამ საჭიროებებს პასუხობს და ითვალისწინებს: კრიპტოგამების სახეობებისა და
ფუნქციური ჯგუფების გავრცელების კანონზემიერებების კვლევას არიდულობის გრადიენტის გასწვრივ
საქართველოს არიდული ჰაბიტატების არეალში, გაუდაბნოების პოტენციური ბიო-ინდიკატორების
იდენტიფიკაციას, სახეობათა გადაშენების რისკების შეფასებასა და საფრთხეში მყოფი სახეობების / მათი
ჰაბიტატების კონსერვაციისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების გამოყოფას.
საქართველოს კრიპტოგამების სრულფასოვანი საჰერბარიუმო მონაცემთა ბაზის არარსებობა ხელს უშლის
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად,
აუცილებელია საქართველოს და უცხოეთის ჰერბარიუმებში დაცული საქართველოში შეგროვებული
კრიპტოგამების კოლექციებისა და არსებული ლიტერატურული მონაცემების თავმოყრა, რევიზია,
სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ერთიანი საჰერბარიუმო მონაცემთა ბაზის
შექმნა, რაც წარმოდგენილი პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
პროექტის ფარგლებში შედგენილი საქართველოს არიდული ჰაბიტატების კრიპტოგამების ‘წითელი ნუსხა’,
სახეობათა თანდართული პროფილებითა და კრიპტოგამების მნიშვნელოვანი საკონსერვაციო ტერიტორიების
რუკებით გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კრიპტოგამების ჩართვას
ჰაბიტატების კონსერვაციაზე ორიენტირებულ საკონსერვაციო ღონისძიებებში.
მასალები საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სახეობების შესახებ, რომლებსაც არსებული ცნობებით,
საფრთხე შეიძლება გლობალური მასშტაბით ემუქრებოდეს, განსახილველად გადაეცემა IUCN-ის წითელი
ნუსხის ერთეულს ამ სახეობათა შეფასებების გლობალურ ‘წითელ ნუსხაში’ შესატანად.
პროექტის ხელმძღვანელი წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში მიღებულ შედეგებს შეიტანს ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო მასალებში, რაც ხელს
შეუწყობს არიდული ჰაბიტატების კვლევის საკითხების პოპულარიზაციას ეკოლოგთა ახალგაზრდა თაობებში.


პროექტები » ყველას ნახვა