ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

წვრილმაშტაბოვანი ტურბულენტობა მზის ქარში

განმახორციელებელი:: თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი

მზის ქარი არის მზის კორონიდან მომავალი იონიზირებული გაზის უწყვეტი ნაკადი. მასში გვხვდება
სხვადასხვა მასშტაბის ფლუქტუაციები. დიდ მასშტაბებზე ფლუქტუაციები ძირითადად ალვენის
ტალღებს წარმოადგენენ და მათი სპექტრი ხარისხოვანია, ხარისხის მაჩვენებლით -5/3, ანუ ემთხვევა
სითხის ტურბულენტობის კოლმოგოროვის სპექტრს. მცირე მასშტაბებზე, როდესაც ტალღის სიგრძე
იონების გირო-რადიუსის თანაზომადი ხდება ალვენის ტალღები ხდებიან დისპერსიულები
(კინეტიკური ალვენის ტალღები) და ასევე შესაძლებელი ხდება ტალღების კინეტიკური ჩაქრობა
(მაგალითად ლანდაუს ჩაქრობის მეშვეობით). მზის ქარის ტურბულენტობის სპექტრი ამ მასშტაბებზე
უფრო ციცაბო ხდება. დღესდღეობით არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი რა არის დომინანტი
ფიზიკური პროცესი ამ მასშტაბებზე. დამზერილი ციცაბო სპექტრები ინტერპრეტირდება როგორც
ტურბულენტობის დისიპაციის შედეგი ან როგორც ტალღების დისპერსიის შედეგი. მზის ქარში მცირე
მასშტაბის ტურბულენტობის შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მზის ქარის დინამიკის
შესწავლისთვის, როგორიცაა ტურბულენტობის ენერგიის კასკადი, დისიპაცია, პლაზმის გაცხელება და
ნაწილაკებს აჩქარება, არამედ ზოგადად, ელექტრომაგნიტური ტურბულენტობის დაუჯახებად
პლაზმაში დისიპაციის თეორიის შესწავლისათვის. მზის ქარის შეშფოთებების სანდო
მაღალსიხშირული სპექტრის მიღება თავისთავად რთული ამოცანაა. მაღალ სიხშირეებზე, როგორც
მაგნიტური ველის, ასევე პლაზმის პარამეტრების სპექტრები მნიშვნელოვნად მახინჯდება გაზომვის
ცდომილებების გავლენის შედეგად. წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს მზის ქარში
მცირემასშტაბოვანი ტურბულენტობის შესწავლას კინეტიკური ალვენის ტალღების ტურბულენტობის
თეორიული კვლევისა და მზის ქარის დაკვირვებების ანალიზის მეშვეობით. სახელდობრ, მზის ქარის
მაღალსიხშირული სპექტრების დამზერილი თვისებების ასახსნელად ჩვენ ვვარაუდობთ
განვავითაროთ კინეტიკური ალვენის ტალღების ტურბულენტობის მოდელი, რომელიც
ერთდროულად გაითვალისწინებს, როგორც აქტიურ ტურბულენტურ კასკადს, ასევე კინეტიკურ
დისიპაციას. ჩვენ ასევე შევისწავლით მაგნიტური ველის გასწვრივ და საწინააღმდეგოდ გავრცელებადი
კინეტიკური ალვენის ტალღებს შორის დისბალანსის გავლენას ენერგიის კასკადზე. პროექტის
ფარგლებში მოხდება სხვადასხვა თეორიული წინასწარმეტყველებების (როგორც პროექტის
ფარგლებში მიღებული, ასევე ალტერნატიული მოდელების) შემოწმება მზის ქარის მონაცემების
ანალიზის მეშვეობით. 


პროექტები » ყველას ნახვა