ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

რადიო პულსარების სხვადასხვა დაკვირვებითი გამოვლინებები და მათი გამოსხივების ერთიანი ბუნების შესახებ

პულსარებიდან ახლახანს აღმოჩენილი ინტერმიტირებადი რადიო გამოსხივება თეორეტიკოსების და
დამკვირვებლების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ეს ახალი ტიპის რადიო პულსარები ასხივებენ
სპორადიულად და დროის ინტერვალი გამოსხივებებს შორის საათების, კვირების და ზოგჯერ წლების რიგისაა.
კიდევ ერთი გამორჩეული სპორადიული რადიო გამოსხივების მოვლენა რაც დაიმზირება პულსარებიდან არის
გიგანტური რადიო იმპულსები. მსგავს იმპულსებს აფიქსირებენ არარეგულარულად და მათი ინტენსივობა
გაცილებით მეტია რეგულარული რადიო პულსარების იმპულსების ინტენსივობასთან შედარებით. მიუხედავად
იმისა, რომ ამ უჩვეულო მოვლენების ბევრი სხვადასხვა შესაძლო ახსნა იყო შემოთავაზებული, კონკრეტული
მექანიზმის განსაზღვრა დღემდე ვერ მოხერხდა. ამ არაორდინარული ობიექტების ბუნების გაგება მნიშვნელოვან
როლს ითამაშებდა პულსარების გამოსხივების ერთიანი უნივერსალური მოდელის შემუშავებისთვის.
წარმოდგენილ კვლევით პროექტში მივიჩნევთ, რომ პულსარებიდან დამზერილი სპორადიული რადიო
გამოსხივების გენერაცია იგივე მექანიზმებით მიმდინარეობს რომლებიც სხვა ჩვეულებრივ პულსარებში
აგენერირებენ რადიო იმპულსებს და შესაბამისად ეს ობიექტებიც „ნორმალური“ რადიო პულსარების კლასს
განეკუთვნებიან. მათი რადიო გამოსხივების არარეგულარული ხასიათის მიზეზად მივიჩნევთ სპეციფიკური
პლაზმური პროცესების მიმდინარეობას პულსარის მაგნიტოსფეროს გამოსხივების გენერაციის რეგიონში,
რომლებიც ზეგავლენას უნდა ახდენდნენ რადიო იმპულსების რეგულარ დეტექტირებადობაზე. ეს პროცესები
ბუნებრივად ვითარდება პულსარის მაგნიტოსფეროში და მათი ზეგავლენა კონკრეტული პირობების თანხვედრის
დროს უნდა იწვევდეს პულსირებადი გამოსხივების არარეგულარულ გაქრობას დამკვირვებლის თვალთახედვის
არიდან. ჩვენი დაშვების მიხედვით ცხადია, რომ ნებისმიერი პულსარის მაგნიტოსფეროში მსგავსი პროცესები უნდა
მიმდინარეობდეს, რაც პულსარის სხვადასხვა მახასიათებელი პარამეტრებისთვის განსხვავებულ სურათს უნდა
ქმნიდეს დამკვირვებლისათვის. აღნიშნული პროცესების დეტალურმა კვლევამ უნდა მიგვიყვანოს
თვითშეთანხმებული ერთიანი თეორიული მოდელის შემუშავებამდე პულსარების სხვადასხვა ტიპისათვის.


პროექტები » ყველას ნახვა