
უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში
პროექტის მიზანია სეზონური სკოლის მონაწილეებს გააცნოს უსაფრთხოების კვლევების დისციპლინაში
მიმდინარე თანამედროვე თეორიული დებატები და დაანახოს მშვიდობის და კონფლიქტის საკითხების
ინტერდისციპლინურ და მულტიმეთოდოლოგიურ ჭრილში გააზრების მნიშვნელობა. ასევე, პროგრამაში
ინტეგრირებული პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავს, მონაწილეებს განუვითაროს
საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევები.
საზაფხულო სკოლის პროგრამა იმგვარად არის აგებული, რომ ორივე ზემოაღნიშნული მიზნის ეფექტურად
მიღწევა იყოს შესაძლებელი. კერძოდ, პროგრამის პირველ ნაწილში მსმენელები ეცნობიან უსაფრთხოების
კვლევების ძირითად თეორიებს და მიდგომებს, ხოლო მის მეორე ნაწილში ინტეგრირებული პრაქტიკული
კომპონენტების საფუძველზე, აკვირდებიან განსხვავებული თეორიების და მიდგომების მუშაობას რეალურ
სამყაროში. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, როგორიცაა უსაფრთხოების თემატიკაზე პოლიტიკის
მოკლე დოკუმენტის (Policy Brief) მომზადება, ტრენინგი მოლაპარაკებების ხელოვნებაში და სხვადასხვა სახის
ჯგუფური პრაქტიკული დავალებები, უზრუნველყოფს სტუდენტებში თეორიულთან ერთად მნიშვნელოვანი
პრაქტიკული ცოდნის და უნარ-ჩვევების განვითარებას. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველ
პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ პროფესორები და სტუდენტები ამერიკის
შეერთებული შტატებიდან, კერძოდ ქოსთალ ქაროლინას უნივერსიტეტიდან, რაც ხელს უწყობს ერთი მხრივ,
ინტერნაციონალური გარემოს ფორმირებას, ხოლო მეორე მხრივ, განსხვავებულ აკადემიურ მიდგომებს შორის
დიალოგს. ამავდროულად, სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან
ერთად ჩართულები იქნებიან პროფესორები და სტუდენტები საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტებიდან,
კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თავდაცვის ეროვნული აკადემიიდან და
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. რეგიონული უნივერსიტეტების და მათი წარმომადგენლების
ჩართულობა ხელს შეუწყობს როგორც ცენტრსა და რეგიონულ უნივერსიტეტებს შორის ცოდნის და
გამოცდილების გაზიარებას და მათ დაახლოებას, ასევე, საზაფხულო სკოლის მიზნების გათვალისწინებით
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში იმ რეგიონული
უნივერსიტეტების ხედვების წარმოჩენა, რომლებსაც აქვთ როგორც კონფლიქტების მიმდინარეობის ასევე პოსტკონფლიქტური რეალობის პირდაპირი გამოცდილება. ამავდროულად, სკოლის კონცეფცია ეფუძნება დაშვებას,
რომ უსაფრთხოების გამოწვევების სრულფასოვანი გააზრება ითვალისწინებს აკადემიური სივრცის მიღმა
მოქმედი აქტორების ჩართულობასაც. შესაბამისად, საზაფხულო სკოლის თემატიკისადმი ერთიანი მიდგომის
ფორმირებისთვის, სკოლაში ასევე მონაწილეობენ წარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო
სექტორებიდან. საზაფხულო სკოლა და მისი პროგრამა ხელს უწყობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში
უსაფრთხოების კვლევების შესახებ თანამედროვე დებატების პოპულარიზაციას, მსმენელების თეორიული
ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე საერთაშორისო და სექტორთშორის
თანამშრომლობას როგორც აკადემიურ დაწესებულებებს შორის, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო
სექტორების ჩართულობით.
პროექტები » ყველას ნახვა