
კინომცოდნეობის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
ქართულ საზოგადოებაში, მის კულტურულ და სახელოვნებო ნაწილში, უკვე ათწლეულებია ისმის აზრი, რომ
ეროვნული კინემატოგრაფი არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში ახალი
ქართული ფილმების ხარისხს გულისხმობენ და მთავარი კრიტიკაც სწორედ კინოშემქნელებზე მოდის; ჩვენი
პროექტის მიზანია არსებული პრობლემა უფრო ფართო კონტექსტში იქნას განხილული და დაისვას
კონკრეტული კითხვები: რა მდგომარეობაშია დღეს ამ დარგის თეორიული მხარე, თავად კინოს თეორია?
სწავლების რა დონე გვაქვს ჩვენს აკადემიურ სასწავლებლებში ამ მხრივ? და, რა ძირითადი გამოწვევები უდგას ამ
დისციპლინას მსოფლიოში?
ჩვენი მიზანია ამა წლის ივლისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მის ერთ-ერთ სამთო
სასტუმროში, აბასთუმანში, ერთი კვირით ჩავატაროთ „კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო
საზაფხულო სკოლა”. ილიას უნივერსიტეტი თანახმაა იდეას თავდებად დაუდგეს, ყველა ხარჯი გაიღოს და ერთი
კვირით გამოყოს სასტუმრო პროექტის ჩასატარებლად. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარექსპერტების ჩამოყვანას, ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას, წინამოსამზადებელ
პერიოდში სტუდენტური ესეების კონკურსის გამოცხადებას, რათა შეირჩეს ძირითადი სტუდენტური ჯგუფი
სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან. ჩვენი სურვილია
პროექტში ჩავრთოთ სტუდენტები განსხვავებული, მაგრამ მაინც ურთიერთმონათესავე დისციპლინებიდან,
კერძოდ: სტუდენტები ხელოვნების და კულტურის სოციოლოგიიდან, ხელოვნებათმოცდნეობიდან, კულტურის
კვლევებიდან, ხელოვნების ფილოსოფია და, რა თქმა უნდა, თავად კინომცოდნეობიდან.
იდეის ავტორები პროექტის შინაარს ორ კომპენენტად ვყოფთ: პირველი, უცხოელი მოწვეული ლექტორები
ქართველ სტუდენტებს კინოკრიტიკის უფრო ზოგადტექნიკურ, მენეჯმენტურ ნაწილს გააცნობენ. ისინი
სემინარების ფარგლებში სტუდენტებს მისცემენ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ აუწყონ ფეხი თანამედროვე
ტექნოლოგიებს, შექმნან დამოუკიდებელი ონლაინ ბლოგები თუ ვიდეო ესეები, დაამყარონ პირადი კავშირები
უცხოურ მედია პლატფორმებთან და ა.შ. მეორე, ქართველი კინომცოდნეების ნაწილში ვგულისხმობთ ქართული
კინოს ადგილობრივ მიმოხილვას და ანალიზს, მისი ძირითადი პრობლემების და გამოწვევების განხილვას.
გვსურს სინთეზურად შევურწყათ ერთმანეთს, ერთი მხრივ, ადგილობრივი ცოდნა ქართული კინოს
პრობლემების შესახებ, მეორე მხრივ კი, ტექნიკური განათლება იმის, თუ როგორ, სად და რა ტექნოლოგიური
საშუალებებით უნდა შეიქმნას აკადემიური და უფრო სიღრმისეული კინოკრიტიკის ნიმუში.
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ქართული კინემატოგრაფის პრობლემა უფრო სკრუპულოზურ განხილვას და
ანალიზს მოითხოვს, შესაბამისად, პროექტის ავტორებს მიგვაჩნია, რომ გამოსავალი
სწორედ განათლებაში და ამ დარგის თეორიულ განვითარებაში იმალება. ქართულ კინოზე ბევრი საუბრობს,
უკვე განებივრებულები ვართ რამდენიმე ადგილობრივი კინოფესტივალით, გვაქვს სხვადასხვა სატელევიზიო
თუ ონლაინ გადაცემა კინოზე, მაგრამ არაფერი ვიცით რა ხდება ამ მხრივ აკადემიურ დონეზე, რას იკვლევენ
ქართველი კინომცოდნეები, კინოთი დაინტერესებული სოციოლოგები, ფილოსოფოსები და კულტურის
მკვლევრები, დგანან თუ არა უახლესი გამოწვევების წინაშე მყარად და ა.შ. ამას გარდა, ვფიქრობთ და
დარწმუნებულები ვართ რა, რომ კინოს არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ სოციალური და პოლიტიკური
განზომილებაც აქვს, გვაინტერესებს უცხოელი ექსპერტების აზრები, მათი გამოცდილება და სამომავლო გეგმები
ეროვნული კინემატოგრაფების განვითარების შესახებ
პროექტები » ყველას ნახვა