ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2020-03-02

მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია

პროექტი ეხება მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის დაარსებას ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტში. მოსწავლეები გარკვეული რეგულარობით (საშუალოდ, კვირაში ერთხელ)
ესტუმრებიან ლაბორატორიას საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთან ერთად და ორი
საათის განმავლობაში დაკავდებიან სახალისო და საინტერესო კვლევითი ექსპერიმენტებით.
ლაბორატორიული სამუშაოები მომზადდება როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო
საფეხურის მოსწავლეებისთვის. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის
გამოყენებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის SALiS ლაბორატორიაში არსებული იაფი
ტექნოლოგიები და ლაბორატორიული აღჭურვილობა, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი
ლაბორატორიულ აღჭურვილობასთან ერთად ექსპერიმენტები წარიმართება სენსორული
ხელსაწყოების დახმარებით.
სამუშაოების წარმართვაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად
ჩართული იქნებიან უნივერსიტეტის სტუდენტები - მომავალი მასწავლებლები.
პროექტის მიმდინარეობაში ჩართული იქნება გერმანელი კონსულტანტი ბრემენის
უნივერსიტეტიდან, პროფ. ინგო აილკსი. პროფ. აილკს მოსწავლეთა ლაბორატორიების დიდი
გამოცდილება აქვს. ის 10 წელზე მეტია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს
სხვადასხვა ევროპული პროექტების ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევითი ლაბორატორიული სამუშაოები პროექტის
დასრულების შემდეგ გამოყენებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალის მიერ სხვადასხვა კურსების წარმართვისას მომავალ მასწავლებლებთან, ასევე
მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამებში. ლაბორატორიული მოდულების
გამოყენების საშუალება ექნებათ საქართველოს მასწავლებლებსაც, რადგან ყველა ეს მოდული
SALiS-ის ვებ გვერდზე აიტვირთება. https://salis.iliauni.edu.ge/
ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მომავალი მასწავლებლების დაინტერესებისთვის ამ
მიმართულებით, მათი პროფესიული უნარების განვითარებისთვის.
პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება სკოლებისთვის სოციალური ქსელის, SALiS-ის ვებ
გვერდის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. 


პროექტები » ყველას ნახვა