
კულტურის ცვლილების როლი ქართველ ემიგრანტებში
კვლევები იმიგრანტთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გვიჩვენებს, რომ კულტურის ცვლილებამ შესაძლოა გარკვეული
რისკები შეუქმნას მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. მრავალი კვლევის თანახმად, კულტურის ცვლილება
კავშირშია შფოთვისა და დეპრესიის გაზრდილ მაჩვენებლებთან. მეორეს მხრივ, აკულტურაციის ზოგიერთი
სტრატეგია (მაგ. ინტეგრაცია) უკავშირდება ადაპტაციის და კეთილდღეობის უკეთეს შედეგებს, ხოლო ზოგიერთი
(მაგ. მარგინალიზაცია) - მიიჩნევა გაუარესებული ადაპტაციის პრედიქტორად. 1990იანი წლებიდან დღემდე
საქართველო უამრავმა ადამიანმა დატოვა სამუდამო საცხოვრებლისა თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ძიების
მიზნით. მიუხედავად ამისა, ცოტა რამ ვიცით მათი ადაპტაციისა თუ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესახებ.
შემოთავაზებული კვლევა მიზნად ისახავს ევროპის სამ ქვეყანაში (საბერძნეთი, იტალია და გერმანია) მცხოვრები
ქართველების შესწავლას და იმის დადგენას, თუ რა კავშირი არსებობს მათ აკულტურაციის სტრატეგიებს,
ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის მახასიათებლებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებელბს (შფოთვის,
დეპრესიის და ცხოვრებით კმაყოფილების დონეები) შორის. აკულტურაცია განისაზღვრება და იზომება
აკულტურაციის ოთხი სტრატეგიის ჭრილში. ესენია: ინტეგრაცია (საწყისი კულტურული იდენტობის შენარჩუნება
და ახალი კულტურული იდენტობის შეძენა), ასიმილაცია (მხოლოდ ახალი კულტურის იდენტობის ინტერესი),
სეპარაცია (მხოლოდ საწყისი კულტურის იდენტობის შენარჩუნება) და მარგინალიზაცია (ორივე კულტურის ნაკლები
ინტერესი). ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი განისაზღვრება ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის პიროვნული
ორიენტაციის გამოვლენით. შფოთვის დონე დგინდება სიტუაციური შფოთვის ინდიკატორების იდენტიფიცირებით.
2
დეპრესიული სიმპტომები იზომება დეპრესიის ძირეული ნიშნების დადგენით. ცხოვრებით კმაყოფილება იზომება
ადამიანის გლობალური კოგნიტური მსჯელობებით საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების თაობაზე. ამასთანავე,
კვლევა გამოიკვლევს კავშირებს რიგ დემოგრაფიულ ცვლადებს, აკულტურაციის სტრატეგიებს და ფსიქოლოგიური
კეთილდღეობის მაჩვენებლებს შორის. წინამდებარე კვლევის შედეგები მნიშვნელოვანწილად გაამდიდრებს ცოდნას,
ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ქართველების აკულტურაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მახასიათებლებზე,
კონკრეტულად კი ევროკავშირის იმ სამ ქვეყანაში, რომლებიც საქართველოში გამოგზავნილი ფულადი დახმარების
მიხედვით პირველ პოზიციებს იკავებენ. კვლევის მიგნებები რელევანტურია მრავალი სფეროსთვის, როგორიცაა,
სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მიგრაციის კვლევები და
სოციალური მუშაობა. სტატია კვლევის მიგნებებზე გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში და
სიახლეებს შემოიტანს როგორც ადგილობრივ, ასევე, რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში.
პროექტები » ყველას ნახვა