ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2023-01-01 - 2024-12-31

საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში

წინამდებარე პროექტით პირველად ქართულ ლიტერატურათმცდონეობაში განხორციელდება კვლევა საბჭოთა წარსულის ლიტერატურულ რეპრეზენტაციათა თავისებურებების შესახებ, გაირკვევა ამ ნარატივების გავლენა თანამედროვე ქართულ იდენტობაზე და გაანალიზდება კოლექტიურ ტრავმათა ესთეტიკური დამუშავების ადგილობრივი სპეციფიკა. პროექტში გამოყენებული იქნება რამდენიმე ინტერდისციპლინური მიდგომა. ესენია მეხსიერების კვლევებში დამკვიდრებული მოდელები, ტრავმის თეორიები და რიგ შემთხვევებში — გენდერის კვლევების ანალიტიკური კატეგორიებიც. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც 1. მისი შედეგები (სახელმძღვანელო, სტატიები) ბიძგს მისცემს მეხსიერების კვლევების განვითარებას ქართულ აკადემიურ სივრცეში; 2. იგი ხელს შეუწყობს ცოდნის შექმნას ქართული კოლექტიური მეხსიერების თავისებურებების შესახებ და 3. მის გავრცელებას როგორც ადგილობრივ, ისე დასავლურ სამეცნიერო სივრცეში და ყოველივე ამით 4. წვლილს შეიტანს პოსტკომუნისტური / პოსტტოტალიტარული იდენტობების შესწავლის საქმეში.
აქტუალურ სამეცნიერო რესურსებზე წვდომის მოსაპოვებლად პროექტით თითოეული მონაწილისთვის გათვალისწინებულია თითო ხანმოკლე მივლინება ბერლინში ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და ვენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. პროექტში ჩართულ ძირითად პერსონალს კვლევითი ამოცანების შესრულებისას კონსულტაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტ. ოლივერ რაისნერი. მას როგორც ისტორიკოსსა და კულტურის მკვლევარს ექნება შესაძლებლობა, გააძლიეროს დაგეგმილი კვლევის ინტერდისციპლინური მხარე; იგი როგორც ქართულის მცოდნე შეძლებს, თვალყური ადევნოს პროექტის განხორციელებას როგორც მისი დაგეგმვის, ისე შესრულებისა და შედეგების წარდგენის ეტაპებზე და საჭიროების შემთხვევაში მისცეს პროექტში ჩართულ მკვლევრებს სათანადო კონსტრუქციული უკუკავშირი და რჩევები; მას როგორც უცხოელ ექსპერტს შეეძლება, გაუზიაროს პროექტის მონაწილეებს დასავლური გამოცდილება და ამით უზრუნველყოს პროექტის განხორციელება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; იგი როგორც საქართველოში მოღვაწე პროფესორი და მეცნიერი თავად არის დაინტერესებული იმით, რომ ქართულ ენაზე შეიქმნას და მოიპოვებოდეს სამეცნიერო ლიტერატურა მეხსიერების კვლევების შესახებ, რომელსაც იგი თავადაც გამოიყენებს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში.
პროექტის განხორციელება განსაკუთრებით შეუწყობს ხელს მასში ჩართული ახალგაზრდა მკვლევრების კარიერულ განვითარებას. პროექტში ჩართულობა დაეხმარება დოქტორანტ ნინო ბოკუჩავას, დროულად განახორციელოს თავისი სადოქტორო კვლევა, გამოაქვეყნოს სტატია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში და გონივრულ ვადებში დაიცვას სადისერტაციო ნაშრომი, რაც მისი შემდგომი კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ასისტენტ-პროფესორი სალომე პატარიძე კი გეგმავს, უახლოეს წლებში ახალი კურსი შესთავაზოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტებს, რისთვისაც მას ძალიან გამოადგება პროექტის ფარგლებში ერთობლივად შექმნილი წიგნი მეხსიერების კვლევების შესახებ. ეს უკანასკნელი გაზრდის სამივე მკვლევრის ცნობადობას აკადემიურ სივრცეში და დადებითად აისახება მათ კარიერულ წინსვლაზე.
ახალი ცოდნის ტრანსფერი უწინარესად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოს გამოცემითა და ახალი სამაგისტრო კურსის შემუშავებით. საერთაშორისო რეფერირებადსა და ციტირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები და საერთაშორისო კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ცოდნის გავრცელებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, რითაც შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს არა მხოლოდ შედარებით კვლევებს, არამედ ახალ სამეცნიერო თანამშრომლობასაც უცხოელ პარტნიორებთან.
წინამდებარე პროექტი ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების მიერ საბჭოთა წარსულის გააზრება-დამუშავების პროცესს. ეს აისახება როგორც საჯარო დებატებზე საბჭოთა მემკვიდრეობის შესახებ, ისე კოლექტიური ტრავმების გაცნობიერება-გადალახვაზეც. შესაძლებელი გახდება კვალიფიციური, მეცნიერულად გამართული და არგუმენტებზე დამყარებული დიალოგის წამოწყება საბჭოთა წარსულის შეფასების მიზნით. 


პროექტები » ყველას ნახვა