
კარგი მმართველობის დანერგვის ვარიაციები ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში - საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვის მაგალითზე
საქართველოში სახელმწიფო მართვისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, სახელმწიფო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი უმმნიშვნელოვანი ელემენტი არის რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიმართულებით რეფორმის გატარება. რეგულირების ზეგავლენის შეფასება როგორც სამეცნიერო და კვლევითი მიდგომა რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა საქართველოში. ხოლო, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის N35 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობა, აღნიშნულ დადგენილებით, განსაზღვრულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ვალდებული გახდა, კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით, განახორციელოს რეგულირების ზეგავლენის შეფასება.
სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნული რეფორმის მასშტაბი მათი ავტორების მხრიდან არ იყო სრულად გააზრებული. კერძოდ, მმართველობის სისტემაში, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის მოდელს ეფუძნებოდა, გაჩნდა ელემენტი, რომელიც, თავისი არსით, პროცესის მაქსიმალურად მაღალი ინკლუზიურობის ხარისხს და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. უფრო კონკრეტულად, რეფორმის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, წინასწარ გათვლილი უნდა იყოს გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები (ანუ, მისი ხარჯ-სარგებლიანობა). აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შესწავლილი უნდა იყოს მისაღები გადაწყვეტილების ადგილობრივი და საერთაშორისო კონტექსტი, უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციის მოსმენა და მათი გადაწყვეტლების მიღებისას ასახვა; ამასთანავე, ჩამოყალიბებული უნდა იყოს პოლიტიკის რეგულირების ალტერნატივები, რომელთაგანაც არჩევანი გაკეთებელი უნდა იყოს მათი შეფასების შედეგების მიხედვით.
პროექტის გუნდის მიზანია, ერთი მხრივ, შეისწავლოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების დანერგვის პროცესი საქართველოში, ხოლო, მეორე მხრივ, რეგულირების ზეგავლენის შეფასების რეფორმის წარმატებისა, თუ წარუმატებლობის შედეგები განაზოგადოს საქართველოში კარგი მმართველობის დანერგვის ხარისხთან მიმართებაში. უფრო კონკრეტულად, მიუხედავად აღნიშნული რეფორმის სავალდებულო ხასიათისა, ამჟამად, რთულია მტკიცება, რამდენად შეძლო რეგულირების ზეგავლენის შეფასებამ მმართველობის ეფექტიან მექანიზმად ქცევა. შესაბამისად, ერთი მხრივ, დასადგენია, რამდენად ხარისხიანად მუშავდება ასეთი სახის დოკუმენტები, ხოლო, მეორე მხრივ, რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტების შექმნის შემდეგ, სარგებლობენ თუ არა შესაბამისი სამთავრობო ან/და საკანონმდებლო დაწესებულებები გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული დოკუმენტით.
პროექტები » ყველას ნახვა