
სკოლასა და ბაღში გენდერული ძალადობის გამომწვევი ძირეული მიზეზები კახეთის რეგიონის მაგალითზე
ყოველწლიურად 246 მილიონზე მეტი ახალგაზრდა განიცდის გენდერულ ძალადობას სკოლასა და ბაღებში. გენდერული ძალადობა სკოლაში (SRGBV) ადამიანის უფლებების დარღვევა და გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ცუდი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო შედეგები აქვს ახალგაზრდებისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ სკოლებში ახალგაზრდა ქალები სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებას განიცდიან. რაც შეეხება ახალაგზრდა კაცებს, ისინი უფრო ხშირად განიცდიან ფიზიკურ, სხეულებრივ ძალადობას, ვიდრე ქალები.
სკოლაში გენდერული ძალადობის გამოცდილებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ახალგაზრდების კეთილდღეობას, მათ ფიზიკურ, ემოციურ ჯანმრთელობასა და კოგნიტურ განვითარებას. მოსწავლეების მიმართ სკოლებში გენდერული ნიშნით ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა იწვევს ძალადობის ობიექტის მხრიდან საგაკვეთილო პროცესის ხშირ გაცდენას, სწავლის მიტოვებასა და აკადემიური მოსწრების დაქვეითებას. კვლევის მიზანია: სკოლაში გენდერული ძალადობის შესახებ ემპირიული ცოდნის შეგროვებით, ანალიზითა და გავრცელებით, გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის დანერგვის ხელშეწყობა კახეთის რეგიონის ბაღებსა და სკოლებში.
პირველი სოციალური ფენომენი, რომელზეც კვლევა ინფორმაციას შეაგროვებს, არის პედაგოგების, მშობლებისა და სკოლის/ბაღის დირექტორების გენდერული მიკერძოება. კვლევა ასევე შეისწავლის კახეთის სკოლებსა და ბაღებში გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის მოვლენას, რომელიც ითვალისწინებს სწავლების შემდეგი კომპონენტების გენდერული მგრძნობელობით წარმართვას: სასწავლო კურიკულუმები, გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება, სასწავლ გარემო, თამაშები, მასალები, პედაგოგებისა და დირექტორების სალაპარაკო ენა და მოსწავლეთა შეფასება.
რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, მეთოდებსა და შერჩევას, კვლევის ობიექტად შეირჩევა კახეთის რეგიონის სკოლები და ბაღები, ვინაიდან ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების ყველაზე მარალი მაჩვენებლები ამ რეგიონშია და დამატებით რეგიონში ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, რომელიც საშუალებას მისცემს კვლევას ამ ჭრილშიც შეისწავლოს გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა და გენდერული ძალადობა სკოლაში.
კვლევა გამოიყენებს პრაქტიკული კვლევის დიზაინს, რომელიც ადგილზე, სკოლებში სიტუაციის ცვლილებისა და სკოლის პერსონალის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ემანსიპაციისა და გაძლიერებისათვის შექმნილი კვლევითი მიდგომაა და შეესაბამება კვლევის მიზანს. პრაქტიკის კვლევა გამოიყენებს ტრიანგუალციას, რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გაერთიანებას, ჩატარდება ფოკუს-ჯგუფები და რაოდენობრივი გამოკითხვა სკოლისა და ბაღის დირექტორებთან, მასწავლებლებსა და მშობლებთან. პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ დაიწყება პრაქტიკის კვლევის მეორე, ინტერვენციების ეტაპი, მომზადდება სკოლისა და ბაღის მასწლებლებისთვის სკოლაში გენდერული ძალადობის გზამკვლევი, შეიქმნება 2 მოდული, ბაღისა და სკოლის მასწავლებლებისთვის და კვლევითი ჯგუფი გადაამზადებს სამიზნე სკოლების ყველა პედაგოგს გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის პრინციპებში.
კვლევის შედეგები გაგვრცელდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. შეიქმნება სამეცნიერო სტატია და მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამისათვის გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის ინტერდისციპლინური კურსი.
პროექტები » ყველას ნახვა