ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-03-01 - 2026-03-02

ფსიქოფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კორელატების კომპლექსური კვლევა ADHD ბავშვებში საქართველოში

პროექტის მიზანია ADHD-ის (ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობის სინდრომი)    მქონე ბავშვებში ფსიქოლოგიური  ტრენინგების ეფექტურობის/მდგრადობის  დადგენა და შემდგომი მონიტორინგით თავის ტვინის  ობიექტური კვლევის მეთოდების  გამოყენებით, რაც  ხელს შეუწყობს ADHD-ს  ფსიქოფიზიოლოგიური და  ფსიქოლოგიური   ასპექტების კომპლექსურ  შესწავლას. ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარების გაუმჯობესება/გაუარესება დადგინდება თანამედროვე ელექტროფიზიოლოგიური ტექნოლოგიების-ელექტროენცეფალოგრამის (EEG) და მოვლენასთან დაკავშირებული პოტენციალების (ERP) რეგისრაციის მეშვეობით და  ასევე ფსიქოლოგიური  სავარჯიშოების გამოყენებით.  ფსიქოლოგიურ ტრენირებამდე და ტრენირების შემდეგ მოხდება EEG და ERP-ს რეგისტრაცია. ფსიქოლოგიური ინტერვენციის ეფექტურობის დონე, რომლებიც მიმართულია აღმასრულებელი ფუნქციების(ყურადღების)  გაძლიერებაზე განისაზღვრება  EEG და ERP კორელატების მიხედვით. ისინი ფსიქოლოგიური ინტერვენციის შედეგების ობიექტურად ანალიზის საშუალებას იძლევა  და აფასებს  მათ  ეფექტს კოგნიტურ უნარებზე. ცდის პირების ფსიქოლოგიური შეფასება მოხდება 3-ჯერ: ფსიქოლოგიურ ტრენირებამდე, უშუალოდ ტრენირების შემდეგ და ტრენირებიდან 1 წლის თავზე. კვლევაში ჩავრთავთ ADHD-ს მქონე    ბავშვებს (7-11 წლის 30 გოგონა და 30 ბიჭი, უპირატესად უყურადღებობის-ADHD-ს ქვეტიპით). თავის ტვინის ფუნქციური ცვლილებების შესაფასებლად გამოვიყენებთ ციფრული ეეგ ანალიზის მეთოდებს, რომლებიც  ეფუძნება ეეგ სპექტრული ანალიზის პარადიგმას, სიხშიროვან-ამპლიტუდურ მახასიათებლებისა და სიმძლავრის სპექტრის კორელატების მიხედვით. აქცენტი გაკეთდება ADHD-ის ძირითად ბიომარკერზე როგორიცაა თეტას(4-8Hz)/დაბალ ბეტასთან(13-18Hz) სიმძლავრის თანაფარდობა ფრონტალურ/ცენტრალურ წილებში. დამატებით გამოვიყენებთ ეეგ-ტოპოგრამებს, რომლებიც ინფორმატიულია ADHD-ის  ეეგ კორელატების ძიებისას.  ERP-ს სცენარი შედგენილი იქნება ტესტ - Go/No-Go-ს პარადიგმის მიხედვით. ყურადღება/კონცენტრაციის  ცვლილებების შესწავლა განხორციელდება  ფსიქოლოგიურ  შეფასებისა და  კითხვარების საფუძველზე (მშობელი, პედაგოგი). კვლევის მონაცემების ვალიდაციისთვის დამატებით გამოვიყენებთ „eeghub.ge“-ს ელექტრონულ ბაზას. NI4OS პროექტის(Horizon)  დაფინანსებით პირველად  განხორციელდა  საქართველოში შექმნილი ეეგ-ს მონაცემთა ბაზის განთავსება ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელზე(EOSC). წარმოდგენილი ADHD კვლევის შედეგები გააფართოვებს უახლესი არაფარმაკოლოგიური თერაპიული მეთოდების შესწავლის, იმპლემენტაციისა და  დანერგვას შესაძლებლობებს  საქართველოში, რასაც  ექნება მნიშვნელოვანი  პოტენციალი როგორც სამეცნიერო  ღირებულების  ისე   კლინიკური გამოყენების კუთხით. ასევე პირველად საქართველოში  ADHD-ს შესწავლა მოხდება  ინტედისციპლინარულ და ინტერნაციონალურ ფორმატში. პროექტი განხორციელდება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი(იბებც),  ილიას სახელმქიფო უნივერსიტეტის(ისუ) თანამონაწილეობით, და ისუ-ს  ფსიქოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის ქართველი და უცხოენოვანი სტუდენტების  სამეცნიერო აქტივობებში ჩართულობით. ასევე პროექტს კონსულტირებას გაუწევს  სამი საერთაშორისო მეცნიერი (ამერიკელი, შვედი და უკრაინელი) შესაბამისი კომპეტენციებით და  გამოცდილებით. რაც გაზრდის იბებც-ს და ისუ-ს   კვლევით პროდუქტიულობას და სამეცნიერო პოტენციალს. მსგავსი მიდგომა/პრაქტიკა  ხელს შეუწყობს ფსიქოფიზიოლოგიური/ნეიროფიზიოლოგიური კვლევების თანამედროვე საერთაშორისო დონემდე ამაღლებას. საქართველოში ასეთი დიზაინის სამეცნიერო შრომა არ შემუშავებულა. უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ინოვაციურ წამოწყებას ექნება  სამეცნიერო, აკადემიური და გამოყენებითი დატვირთვა. პრაქტიკული  გამოცდილებისა და ცოდნის  გაზიარება, ახალი ტექნოლოგიების ათვისება და თანამედროვე მიდგომების დანერგვა,  ხელს შეუწყობს  ქართველი მკვლევარების, განსაკუთრებით ქალების (მათ შორის პროექტში ჩართული ორი  ახალგაზრდა მეცნიერის) ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო/აკადემიური  კოლაბორაცია პროექტს განსაკუთრებულ ინტერესს და აქტუალობას შესძენს, გაზრდის საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების საერთაშორისო კვლევით პროდუქტიულობას. 
მიღებული შედეგების დისემინაცია მოხდება საერთაშრისო სამეცნიერო კონფერენციაზე და  გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად ციტირების ინდექსის მქონე ჟურნალებში; ასევე   ისუ-ში ჩატარდება ჰიბრიდული საერთაშორისო ვორქშოპი.

 

 


პროექტები » ყველას ნახვა