
კვერნაქის სერის ხევების ჰაბიტატების ბოტანიკური, მიკოლოგიური და ეთნოეკოლოგიური კვლევა, როგორც საფუძველი მათი ხანგრძლივი მონიტორინგისა და ეკოლოგიური რეგ
წამოდგენილი პროექტის მიზანია კვერნაქის სერის (ზურმუხტის ქსელის ერთ-ერთი უბანი აღმოსავლეთ საქართველოში) სამხრეთ ფერდობის ხევების ჰაბიტატთა ჭურჭლოვანი მცენარეულობისა და ბიოლოგიური ქერქების, აგრეთვე ნიადაგის სტაბილურობის ხარისხის საბაზისო კვლევა ამ ჰაბიტატების შემდგომი ხანგრძლივი მონიტორინგის, კონსერვაციისა და ეკოლოგიური ხერხებით აღდგენის ხელშეწყობისათვის. აღდგენის ღონიძიებათა საფუძვლად მივიჩნევთ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოსთვის რეკომენდებულ ეროზიის კონტროლის ინტეგრირებულ ღონისძიებებს.
პროექტი სემი-არიდული ეკოსისტემების მონიტორინგის სტანდარტულ სქემებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებებსა და ლანდშაფტებს შორის ურთიერთქმედების შესასწავლად ინტერდისციპლინური მიდგომების, კერძოდ, ეთნოეკოლოგიური მიდგომის გამოყენებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ეთნოგრაფიას საქართველოში კვლევების დიდი ისტორია გააჩნია, ხოლო ეთნობოტანიკური და ეთნომიკოლოგიური კვლევები განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში გააქტიურდა, ბუნებრივი რესურსების მართვის ტრადიციულ ფორმებზე აქცენტირება და ადგილობრივი გლეხებისა თუ ფერმერების მიერ მშრალნიადაგიან არიდულ ადგილებში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და გამოყენების გზებზე ყურადღების გამახვილება ახალია თანამედროვე საქართველოსთვის.
პროექტით გათვალისწინებულია ჰაბიტატების კვლევის შედეგების შემცველი ელექტრონული დოკუმენტის მომზადება, მოპოვებული ეთნობიოეკოლოგიური მასალის გამოცემა სამეცნიერო-პოპულარულ წიგნად ადგილობრივ მთხრობელთა თანაავტორობით, სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება და კვერნაქის სერის სამხრეთი ფერდობის სემი-არიდული ჰაბიტატების, ძირითადად, ხევების ჰაბიტატების მცენარეთა მრავალფეროვნების ამსახველი ბოტანიკური საველე მეგზურის გამოცემა. იგეგმება პროექტის შედეგების წარდგენა სხვადასხვა აუდიტორიისათვის (სამეცნიერო საზოგადოების, ადგილობრივი თემების, თუ შესაბამისი დარგის მოხელეთათვის) და ამ მოხსენებებში ხაზგასმული იქნება სემი-არიდული ჰაბიტატების კვლევის, კონსერვაციისა და ეკოლოგიური ხერხებით აღდგენის მნიშვნელობა ადგილობრივი თემების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
პროექტები » ყველას ნახვა