ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2026-06-01

პულსარების მაგნიტოსფეროებში წყვილების გაჩენის ახალი მექანიზმი და შესაბამისი პულსირებადი გამოსხივების გენერაცია

განმახორციელებელი:: თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი

მიიჩნევენ, რომ პულსარების ექსტრემალურ გარემოში მიმდინარეობს პლაზმური პროცესები, რომლებიც ასევე უზრუნველყოფენ დამზერილი გამოსხივების გენერაციას და ყველაფრის ენერგიით მომარაგება ხდება ამ ობიექტების უზარმაზარი ბრუნვის ენერგიის ხარჯზე. დღესდღეობით ასტროფიზიკის ერთ-ერთ აქტუალურ ცენტრალურ ამოცანას წარმოადგენს იმ ეფექტური მექანიზმების ძიება, რომლებიც უზრუნველყოფენ ცენტრალური ობიექტის ბრუნვის ენერგიის გადაცემას მათ მაგნიტოსფეროებში. ჩვენს მიერ უკვე განხორციელებულ კვლევებში დავადგინეთ, რომ რელატივისტური, დროზე დამოკიდებული ცენტრიდანული ძალის მოქმედება მაგნიტოსფერულ პლაზმის ნაწილაკებზე იწვევს პარამეტრული არამდგრადობის განვითარებას, რომელიც ახდენს ცენტრალური ობიექტის ბრუნვის ენერგიის პირდაპირი გზით გადაქაჩვას პლაზმის საკუთარ რხევებში. შესაბამისად მნიშვნელოვანია მაგნიტოცენტრიდანულად აღძრული ლენგმიურის ტალღებიდან  მაგნიტოსფეროში ენერგიის გადაცემის სხვადასხვა გზების ძიება. მაგნიტოცენტრიდანულად აღძრული ტალღების აქამდე ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ პარამეტრული არამდგრადობის განვითარების მახასიათებელი დრო გაცილებით ნაკლებია რეზონანსული ნაწილაკების მაგნიტოსფეროდან გასვლის დროსთან შედარებით, რაც უზრუნველყოფს ტალღების ეფექტურ გაძლიერებას და თავის მხრივ ასევე ელექტროსტატიკური ველის ექსპონენციალურ ზრდას. ეს კი გარკვეულ დროში გამოიწვევს ელექტრული ველის მნიშვნელობის შვინგერის ზღვართან მიახლოებას, რაც თავისთავად გულისხმობს წყვილების წარმოქმნის პროცესის გააქტიურებას. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პროცესის ენერგიით მომარაგება ხდება უზარმაზარი ბრუნვის ენერგიის რეზერვუარიდან, მისი ეფექტურობა გარანტირებული უნდა იყოს. შესაბამისად, ვღებულობთ მბრუნავ მაგნიტოსფეროებში ნაწილაკების წარმოშობის სრულიად ახალ მოდელს. ეს კი თავისთავად ნიშნავს პულსარებში ასევე გამოსხივების გენერაციის სრულიად ახალი საინტერესო სცენარების წარმოშობას. დაკვირვებები მუდმივად ახდენენ ახალი განსხვავებული თვისებების საინტერესო ობიექტების აღმოჩენას, რომელთა თვისებების ახსნაც ვერ ხერხდება კარგად განვითარებული პულსარების მოდელების ფარგლებში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია პულსარების მაგნიტოსფეროში პლაზმის წარმოშობის ახალი კერის შესწავლა, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა განვიხილოთ გამოსხივების გენერაციის სრულიად ახალი სცენარები. ეს კვლევა დადებითად აისახება პულსარების უფრო განზოგადებული გამოსხივების მოდელის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს განსხვავებული გამოსხივებითი თვისებების ერთი სცენარის ჩარჩოში მოქცევას. შესაბამისად აღნიშნული კვლევა ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პულსარების გამოსხივების ერთიანი მოდელის ძიების პროცესში, რაც პულსარების ასტროფიზიკაში დღემდე წამყვან ამოცანად რჩება.


პროექტები » ყველას ნახვა