
დღის ძილიანობა და ქცევა მოზარდობიდან ადრეულ ზრდასრულობამდე - შერეულ მტკიცებულებებში სიახლის შეტანა
წარმოდგენილი კვლევის საფუძველს წარმოადგენს უცხოელ კონსულტანტთან მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში ჯერ გამოუქვეყნებელი, კვლევის წინასწარი შედეგები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ძილის ლატენტობის მრავალჯერადი ტესტით (MSLT) გაზომილი დღის ძილიანობა იზრდება 11-15 წლის ასაკში და შემდეგ რჩება შედარებით სტაბილური 21 წლამდე. აღნიშნული მონაცემები მიგვანიშნებს, რომ მოზარდობის პერიოდი შესაძლოა უნიკალურია ძილის ხანგრძლივობაზე რეაგირების თვალსაზრისით. იმის დასადგენად, ობიექტური დღის ძილიანობა აღწევს თუა არა პიკს მოზარდობის ასაკში და რჩება ამ ნიშნულზე, თუ მცირდება ადრეულ ზრდასრულობაში, ანუ წარმოადგენს თუ არა მოზარდობის პერიოდი ძილის მოთხოვნილების გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ვგეგმავთ შევისწავლოთ ძილის სხვადასხვა ხანგრძლივობის (ძილის შეზღუდვა - 7 სთ; ძილის გახანგრძლივება - 10 სთ ძილი) ეფექტები დღის ძილიანობასა და ქცევაზე. დღის ძილიანობის განსაზღვრისთვის გამოვიყენებთ ობიექტურ - MSLT-ისა და ღვიძილის შენარჩუნების ტესტებს (MWT) და ასევე, კაროლინსკას ძილიანობის შკალას (KSS). ქცევა შეფასდება ფსიქომოტორული სიფხიზლის ტესტით (PVT). კვლევა ჩატარდება მოზარდობის ასაკიდან ადრეული ზრდასრულობის ასაკამდე (12-27 წელი).
კვლევა განხორციელდება 6 ჯგუფში (საშუალო ასაკი: 12, 15, 18, 21, 24 და 27 წელი), თითოეულ ჯგუფში 12-12 მონაწილე. კვლევის მონაწილეებმა უნდა შეასრულოს კვლევის 2 სხვადასხვა განრიგი საწოლში ყოფნის დროსთან (TIB) მიმართებაში - 7 დღე ჩვეული TIB განრიგი, 3 დღე - 8.5 სთ TIB და 4 დღე - ან 7 სთ TIB, ან 10 სთ TIB. კვლევის მონაწილეთა ძილის განრიგის გაკონტროლება მოხდება აქტიგრაფიისა და ძილის დღიურების მეშვეობით. ბოლო დღეს ძილის რეგისტრაცია განხორციელდება ლაბორატორიაში, რომლის შემდეგ დღის განმავლობაში ჩატარდება PVT, KSS, MSLT, და MWT ტესტები, ორ საათიანი ინტერვალებით. შემოთავაზებული კვლევა ინოვაციურია - თუ რა გავლენა ექნება ძილის სხვადასხვა ხანგრძლივობას დღის ძილიანობასა და ქცევაზე შესწავლილი იქნება მოზარდობის ასაკიდან ადრეული ზრდასრულობის ასაკამდე, ხოლო დღის ძილიანობა შეფასდება MSLT და MWT ტესტების ერთდროულად გამოყენებით.
პროექტები » ყველას ნახვა