
საქართველოსა და სომხეთის პერცეფცია დასავლურ და აღმოსავლურ წყაროებში (შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში)
პროექტით გათვალისწინებული კვლევა ეხება საქართველოსა და სომხეთის პერცეფციას დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიულ წყაროებში/ნარატივებში შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში. საკვლევი კითხვები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
როგორია კულტურათა გზაჯვარედინზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარე ამ ორი ქვეყნის აღქმა როგორც დასავლელი/ევროპელი, ისე აღმოსავლელი ავტორების მხრიდან?
რატომ ან რით იქცევდა საქართველო (ქართველები) და სომხეთი (სომხები) ევროპელთა და აღმოსავლელთა ყურადღებას და როგორ აისახა ეს ინტერესი მათ ნარატივებში?
რა განსხვავებები და თავისებურებები იკვეთება საქართველოსა და სომხეთის დასავლურ და აღმოსავლურ აღქმაში და რა განაპირობებს მათ?
როგორ ახასიათებს დასავლური და აღმოსავლური წყაროები ქართველებსა და სომხებს? რა შეიძლება ჩაითვალოს ქართველთა და სომეხთა იდენტობის მარკერებად მათი პერსპექტივიდან?
ეს ის საკითხებია, რომლებიც ამგვარი პერსპექტივიდან არა მარტო ქართულ ან სომხურ, არამედ, ზოგადად, უცხოურ ისტორიოგრაფიაშიც არ გაშუქებულა (თუ არ ჩავთვლით ცალკეულ პუბლიკაციებს, რომლებიც ამ მხრივ ზოგად სურათს ვერ ცვლის). შესაბამისად, მოცემული პროექტის საკვლევი თემა სიახლეს წარმოადგენს ქართულ და სომხური იდენტობის კვლევისა და, ზოგადად, უცხოთა თვალით დანახული საქართველოსა და სომხეთის პერცეფციის თვალსაზრისით.
პროექტი ითვალისწინებს პოლ ვალერის მონპელიე 3 (საფრანგეთი) უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების ცენტრის პარტნიორობას და ფრანგ მკვლევართა ჩართვას აღნიშნულ კვლევაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 20 წლიანი ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს მონპელიეს უნივერსიტეტთან, ხშირია პროფესორებისა და სტუდენტების გაცვლითი ვიზიტები ჩვენს უნივერსიტეტებს შორის, ერთობლივი კონფერენციებისა და ლექციების ორგანიზება, სამეცნიერო კრებულების მომზადება, მჭიდრო კოლეგიალური ურთიერთობები. ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, მონპელიეს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი ჟერარ დედეიანი აღნიშნული პროექტის კონსულტანტი იქნება. ასევე კვლევაში ჩაერთვებიან ამავე უნივერსიტეტის ცნობილი ისტორიკოს-არმენოლოგები - იზაბელ ოჟე და მარიანა შევალიე.
პროექტები » ყველას ნახვა