
ჟინვალის წყალსაცავის ეკოსისტემის შეფასება ბიოინდიკატორებით
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ჰიდრობიოლოგია-იხტიოლოგიის და პარაზიტოლოგიის ჯგუფების მეცნიერების ერთობლივ კვლევას, რომლის მიზანია - მრავალმხრივი დანიშნულების, პირველ რიგში კი, სასმელი წყლის მნიშვნელოვანი რესურსის, ჟინვალის წყალსაცავის ეკოსისტემის შესწავლა; ჰიდრობიოლოგიურ-იხტიოლოგიურ-პარაზიტოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე წყალსაცავის ეკოსისტემის შეფასება; წყლის გარემოს მონიტორინგში ჰიდრობიოლოგიური, იხტიოლოგირი და პარაზიტოლოგიური მონაცემების გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება. უფრო კონკრეტულად კი:
• ჟინვალის წყალსაცავის ჰიდრობიონტების ბიომრავალფეროვნება და გამოკვლეულ ცხოველთა ჯგუფების ფუნქციური როლის დადგენა წყალსაცავის ეკოსისტემაში;
• იხტიოფაუნის სახეობრივი შედგენილობის, თევზების ასაკობრივი ჯგუფების ძირითადი მორფომეტრული მაჩვენებლების, ქვირითობის ვადების, სარეწაო თევზების ნაკვებობის კოეფიციენტის დადგენა ;
• ბენთოსური მაკროუხერხემლოების შესწავლა, მათი დახმარებით წყლის ხარისხის შეფასება და მათი როგორც თევზების ჰელმინთების შუამავალი მასპინძლების პარაზიტოლოგიური გამოკვლევა, თევზებში ინვაზიების გავრცელებაში მათი როლის დადგენა;
• თევზების ჰელმინთური პარაზიტების (ექტო და ენდოპარაზიტები) პარაზიტოფაუნის სახეობრივი შედგენილობის დადგენა. პარაზიტოფაუნის ჩამოყალიბებაში ეკოლოგიური ფაქტორების (მასპინძელის ეკოლოგია, ტროფიკული კავშირები, სეზონურობა, შუამავალი მასპინძლების მნიშვნელობა ინვაზიების გავრცელებაში) როლის დადგენა;
• ჟინვალის წყალსაცავის ეკოსისტემაში ინდიკატორი სახეობების გამოვლენა;
პროექტის შედეგები და გამოცდილება გამოყენებული იქნება მტკნარი წყლის მონიტორინგის პროგრამებში. გამოქვეყნდება პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, შედეგების წარდგენა მოხდება საერთაშორისო ღონისძიებებზე. მომზადდება რეკომენდაციათა პაკეტი გარემოს დაცვითი სამსახურებისთვის. განისაზღვრება თევზის ჭერის ნორმები და წყალსაცავის გამოყენების შესაძლებლობა სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მიზნით.
პროექტები » ყველას ნახვა