ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2026-06-01

სამხედრო ტყვეთა ბედი ბიზანტიაში (VIII-XVსს)

წარმოდგენილი კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს შეიქმნას ახალი ცოდნა სამხედრო ტყვეების ბედის შესახებ ბიზანტიაში VIII-XVსს-ის წერილობითი წყაროების მიხედვით. ჩვენს მიერ სამხედრო ტრაქტატებისა და ისტორიული ნაშრომების წინასწარი შესწავლის შედეგად გამოვლინდა ღირებული მასალა იმის თაობაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ ბიზანტიის იმპერიაში სამხედრო ტყვეებს. მაგალითად, ლეონ VI-ის ტაქტიკა ჯარის სარდალს ურჩევს არ მოკლას ტყვეები, განსაკუთრებით წარჩინებულები, ომის დასრულებამდე; De ceremoniis-ის თანახმად, ზოგიერთი არაბი სამხედრო ტყვე საიმპერატორო ბანკეტზე მიიწვიეს; იოანე სკილიცე მოგვითხრობს, თუ როგორ მონაწილეობდნენ სამხედრო ტყვეები ტრიუმფალურ აღლუმებში, და სხვა.
    სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობა ბიზანტიაში რჩება ბიზანტიური საზოგადოებისა და ისტორიის ნაკლებად შესწავლილ ასპექტად. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს წარმოაჩინოს სამხედრო ტყვეების ბედი შუა და გვიან ბიზანტიური პერიოდის წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, რაც მოიცავს ბიზანტიურ-არაბულ ომებს, ჯვაროსნულ ლაშქრობებსა და მის შემდგომ პერიოდს. საგანი შეისწავლება ბიზანტიური, არაბული და ქართული პერსპექტივიდან. კერძოდ, განხილული იქნება ამ მხრივ მნიშვნელოვანი ბიზანტიური (ისტორიული ტექსტები, სამხედრო სახელმძღვანელოები, წიგნი ცერემონიათა შესახებ და სხვ), არაბული (ავტორები: ჰარუნ-იბნ-იაჰია, ალ-მაყდისი, ალ-თანუჰი და სხვ.) და ქართული („ქართლის ცხოვრება“ და სხვა) თხზულებები, რაც განაპირობებს პროექტის ინტერდისციპლინურ ხასიათსა და სიახლეს.
    ბიზანტიაში სამხედრო ტყვეების ბედის შესაწავლას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბიზანტიის იმპერიის უფრო ფართო სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურების გააზრებისთვის. სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული დიპლომატიის, სამხედრო სტრატეგიისა და სოციალური იერარქიის საკითხებთან და ნათელს ჰფენს არისტოკრატიასა და სხვა სოციალურ ჯგუფებს შორის არსებულ რთულ ურთიერთობებს. ზოგადად, სამხედრო ტყვეების ბედი ბიზანტიაში კომპლექსური საკითხია, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა და დამოკიდებული იყო ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სამხედრო ტყვეების სტატუსი, კონფლიქტის ბუნება და მმართველი იმპერატორის პოლიტიკა. გარდა ამისა, ტყვეები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ კულტურულ გაცვლასა და ურთიერთგავლენაში. წარმოდგენილი საპროექტო წინადადება მოაზრებული უნდა იქნას იმ კონტექსტში, რომ ბიზანტიური და, ზოგადად, შუასაუკუნეების ისტორიოგრაფიული ნაშრომების შესწავლა არა მყარი ისტორიული ფაქტებისა და თარიღების მოსაძიებლად, არამედ სოციალური და კულტურული დეტალების გამოსავლენად თანამედროვე მეცნიერების აქტუალური ტენდენციაა. 


პროექტები » ყველას ნახვა