ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება
არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლაში უმნიშვნელოვანესია ძეგლის დოკუმენტირება.
3D ფოტოგრამეტრია (Stereophotogrammetry ) - ინოვაციური მეთოდია, რომელიც ეყრდნობა გადაღებული ფოტოების ანალიზის ალგორითმებს.
ეს მეთოდი, ისევე როგორც ლაზერული სკანირება, გვაძლევს წერტილების ღრუბელს, თუმცა მისგან განსხვავებით, არ მოითხოვს დიდ ბიუჯეტს.
პროექტის ფარგლებში, ფოტოგრამეტრიის მეთოდით, მოხდება თბილისის ისტორიული ზონაში, დ. უზნაძის ქუჩაზე, განლაგებული შენობების გადაღება, აზომვა, გამოხაზვა; ასევე, მოხდება შენობების სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და რესტავრატორის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შენობების პირველადი ფერის დადგენა.
დ. უზნაძის ქუჩა შეირჩა შემდეგი ფაქტორების გამო:
1. ქუჩაზე განლაგებული შენობების უმეტესობა არის თბილისის ურბანული მემკვიდრეობისთვის დიდი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე;
2. შენობების დიდი ნაწილი ავარიულია და ახლო პერსპექტივაში არის მათი ახალი შენობებით ჩანაცვლების, შესაბამისად, ისტორიული მემკვიდრეობის გაქრობის რისკი;
3. ქუჩას არ ჩატარებია რესტავრაცია, ამიტომ შენობებს შენარჩუნებული აქვთ ავთენტიკურობა;
4. შენობების ფასადები მდიდარია დეკორატიული ელემენტებით, რომელთა უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია და მათი დოკუმენტირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე.
მიუხედავად იმისა, რომ შენობების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლებია, ისინი არ არის გამოკვლეული, არ არსებობს მათი დოკუმენტაცია, დაუდგენელია უმეტესობის ავტორი, არ არის შესწავლილი და განსაზღვრული შენობების სტილისტური მახასიათებლები, დროთა განმავლობაში აბსოლუტურად შეცვლილია ფასადების პირვანდელი სახე.
პროექტის ინტერდისციპლინარულობა გამოიხატება სახელოვნებათმცოდნეო კვლევის, რესტავრატორის მიერ ჩატარებული კვლევების და ინოვაციური აზომვის მეთოდოლოგიების გამოყენებით მიღებული მასალის ანალიზსა და შეჯერებაში. პროექტის სამეცნიერო შედეგი გამოქვეყნდება ორენოვანი პუბლიკაციის სახით.
პუბლიკაცია გააერთიანებს: სახელოვნებათმცოდნეო და ტექნიკურ კვლევებს, ანაზომებს, საარქივო მასალას. პუბლიკაცია სასარგებლო იქნება არქიტექტურის, ძეგლთა დაცვის, ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიის, რესტავრაციის, არქეოლოგიის დარგებისთვის.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება საქართველოში ამ ტიპის პირველი ინტერდისციპლინარული კვლევა, რაც განაპირობებს მის აქტუალურობას.
კვლევას აქტუალურობას მატებს შემდეგი ფაქტორებიც: თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ავარიულია. ქალაქში მიმდინარე ქაოტური განაშენიანების ფონზე, აზომვითი სამუშაოების სიძვირის და შრომატევადობის გამო, არაერთი ძეგლი განადგურდა დოკუმენტირების გარეშე და დაიკარგა როგორც ქალაქისთვის, ისე მეცნიერებისთვის.
ჩვენი კვლევისთვის შერჩეული მეთოდი კი, მისი სწორი გამოყენების შემთხვევაში, უფრო ხელმისაწვდომს გახდის შენობების დოკუმენტირებას. პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს მეთოდის პროფესიულ შეფასებას, მის შესაბამისობას დარგში არსებულ მოთხოვნებთან და განსაზღვრავს მისი ეფექტიანი გამოყენების პერსპექტივას სხვა ძეგლებისთვის.
პროექტები » ყველას ნახვა