ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2025-06-02

საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიების არაადგილობრივი წყლის მცენარეებისა და ჰორიზონტის სახეობების ინვაზიურობის რისკების შეფასება

განმახორციელებელი:: ბოტანიკის ინსტიტუტი

 დღესდღეობით ბევრ ჭარბტენიან ტერიტორიას ემუქრება როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი ფაქტორები, რომელთა შორის მცენარეთა ინვაზია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. მცენარეთა ინვაზია ცვლის ადგილობრივი ცენოზის შემადგენლობას, ამცირებს სახეობების მრავალფეროვნებას, გავლენას ახდენს ეკოსისტემის პროცესებზე და ამით იწვევს უზარმაზარ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დისბალანსს. თუ ინვაზიის პროცესი დროთა განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენ შეგვიძლება მომავალ თაობებს გადავცეთ მხოლოდ უკიდურესად ღარიბი ჭარბტენიანი  ჰაბიტატები. ცნობილია, რომ არაადგილობრივი სახეობის ახალ რეგიონში დამკვიდრების შემდეგ, მისი აღმოფხვრა ან კონტროლი უკიდურესად რთულია, რაც მიუთითებს ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების აუცილებლობაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მოცემული სახეობის გავრცელება და ინვაზიურობის რისკები. ბოლო წლებში გაჩნდა არაერთი პუბლიკაცია საქართველოს არაადგილობრივ ფლორაზე. თუმცა, არცერთ მათგანში არაა შეფასებული საქართველოში უკვე გავრცელებული სახეობების ინვაზიურობის რისკი, უფრო მეტიც, არ არის შეფასებული იმ სახეობების ინვაზიურობის რისკი, რომლებიც გვხვდება მეზობელ ქვეყნებში და შეიძლება პოტენციურად გავრცელდეს საქართველოში. რისკის შეფასების სისტემები არის ღირებული ინსტრუმენტები ინვაზიის რისკის შესამცირებლად და რესურსების ფოკუსირებისთვის იმ სახეობების შემოსვლისა და გავრცელების თავიდან აცილებაზე, რომლებსაც აქვთ ინვაზიის მაღალი რისკი. შემოთავაზებული პროექტის მიზანია საქართველოში არსებული არაადგილობრივი წყლის მცენარეების იდენტიფიცირება და ჰორიზონტის სკანირების ჩატარება იმის გასარკვევად, თუ რომელი სახეობა შეიძლება შემოვიდეს საქართველოში მომავალში მეზობელი ქვეყნებიდან და შეფასდეს გამოვლენილი სახეობების ინვაზიურობის რისკი და ჰორიზონტის სახეობები მიმდინარე და პროგნოზირებული (მომავლის) კლიმატური პირობებში. მოსალოდნელია, რომ ამ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოში არაადგილობრივი წყლის მცენარეების სამომავლო მენეჯმენტის ღონისძიებების პრიორიტეტიზაციას, ისევე, როგორც მაღალი რისკის  სახეობების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება შეიჭრას საქართველოს წყლის ეკოსისტემებში უახლოეს მომავალში. აღნიშნული ხელს შეუწყობს სწრაფი კონტროლი/ აღკვეთის ღონისძიებების გატარებას.


პროექტები » ყველას ნახვა