ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-06-01 - 2025-06-02

პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკა საქართველოში: სოციოკულტურული, თეოლოგიური და საბუნებისმეტყველო პერსპეტივების კვეთაზე

პალიატიური მზრუნველობის ფენომენი და პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკები თანამედროვე აკადემიური კვლევის სივრცეში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პალიატიური ზრუნვით დაინტერესება ინტერდისციპლინური მიდგომის ჭრილში, რამდენადაც თავად პალიატიური მზურველობაც, თავისი არსით, სწორედ ინტერდისციპლინურ მოპყრობას გულისხმობს სიცოცხლისთვის საშიში განუკურნებელი დაავადებების მქონე პაციენტებთან, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლასა და ზრუნვას საჭიროებენ (შდრ. Watson et al. 2019, Ospina et al. 2022).
საქართველოში პალიატიური მზრუნველობის ინსტიტუციური პრაქტიკა შედარებით ახალი დანერგილია და ამ სფეროში ჯერ არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ქართულ კულტურულ კონტექსტში პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს  და კულტურული, სოციალური, თუ რელიგიური კონტექსტიდან მომდინარე სპეციფიკურ გამოწვევებს პალიატიური მზრუნველობის დანერგვის სფეროში. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, მე შევისწავლი სულიერი განზომილების როლს პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკაში. კერძოდ კი, მართლმადიებლური თეოლოგიიდან მომდინარე (რელიგიური) წარმოდგენების როლს ამ პრაქტიკის განხორციელების კონტექსტში. კვლევის მიზანია, დაადგინოს თუ რამდენად აისახება რელიგიური წარმოდგენები პალიატიური მზურველობის ქვეშ მყოფ პაციენტთა ცხოვრებისეულ ნარატივებში, მათ თვითაღქმაში და რა როლი აქვს ამ წარმოდგენებს იმ სულიერ მდგომარეობასთან გამკლავების კონტექსტში, რომელშიც პაციენტები იმყოფებიან. ამ გზით, კვლევა დაადგენს, თუ რამდენად შეიძლება ეს წარმოდგენები ახდენდეს (პირდაპირ, ან ირიბ) გავლენას ამ წარმოდგენების მატარებელ პაცინტთა (და აგრეთვე მათ მომვლელთა) სულიერ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე, რომლებიც საქართველოში არსებული პალიატიური მზრუნველობის ცენტრების მომსახურებით სარგებლობენ. განხორციელებული პროექტი იქნება სიახლე როგორც ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო კვლევა საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სფეროში, რომელიც ინტერდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შეისწავლის საქართველოში პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკის წინაშე არსებულ სოციო-კულტურულ გამოწვევებს და ამავდროულად, წვლილს შეიტანს მართლმადიდებლური კულტურისა და თეოლოგიური წარმოდგენების როლის კვლევაში სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე.


პროექტები » ყველას ნახვა