ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2023-05-16 - 2026-06-08

რეგულაციური ფაქტორების აბერანტული ექსპრესია როგორც ონკოგენეზის სტიმული

ტექნოლოგიური და დიაგნოსტიკური პროგრესის მიუხედავად, ონკოლოგიური დაავადებები კვლავ ჯანდაცვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მათი მკურნალობა და ადრეული დიაგნოსტიკა გლობალური და ეროვნული ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად რამდენიმე ბიომარკერი გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის, პროგნოზირების, დიაგნოსტიკის, მართვისა და მონიტორინგის მიზნით.  სამწუხაროდ, ეს ბიომარკერები შორსაა იდეალურისგან. შედეგად, თანამედროვე კვლევები ონკოგენეზის ადრეული დეტექციისა და პროგნოზისთვის ეფექტური სამიზნეების აღმოჩენაზეა კონცენტრირებული.
ონკოგენეზი შეიძლება განიმარტოს როგორც ნორმული უჯრედის სიმსივნურ უჯრედად გარდაქმნის პროცესი. სიმსივნის სტრუქტურა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი სიმსივნური უჯრედი ღეროვან უჯრედებს (კიბოს ღეროვანი უჯრედები) ჰგავს; ორივე ტიპის უჯრედში ერთი და იგივე ცილებია ექსპრესირებული. თუმცა კიბოს ღეროვან უჯრედებს არარეგულირებადი პროლიფერაციის უნარი ახასიათებს. ჩვენი ვარაუდით, ონკოგენეზის ადრეულ ეტაპზე აღინიშნება:
•    ტრანსკრიფციის ფაქტორების Sox2 და Oct4, ასევე PIWI პროტეინებისა და CTAs-ის აბერანტული ექსპრესია
•    PIWI ცილების აბერანტული ექსპრესიით განპირობებული piრნმ-ის აბერანტული (გაძლიერებულ ან დაქვეითებულ) ექსპრესია.
piრნმ-ის აბერანტული ექსპრესია შეიძლება გამოხატული იყოს ზოგიერთი piრნმ-ის გაძლიერებული ექსპრესიით (ეს piრნმ შეიძლება განისაზღვროს როგორც ონკოგენის ფუნქციის მქონე), ან შემცირებული ან სულაც ნულოვანი ექსპრესიით (ეს piრნმ შეიძლება განისაზღვროს როგორც სიმსივნის სუპრესორული ფუნქციის მქონე). ჩვენი ვარაუდით, სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელია ბიომარკერების პანელის გამოყენებით. პანელი შეიძლება მოიცავდეს ზემოხსენებულ სამიზნე ცილებსა და piრნმ-ს. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს ხსენებული ვარაუდის დადასტურებას ინტერდისციპლინარული კვლევის განხორციელების გზით. 


პროექტები » ყველას ნახვა