
საქართველოს ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) კვლევა თანამედროვე მიდგომების გამოყენებით
ამ პროექტის მიზნებია საქართველოში გავრცელებული ბუგრების ტაქსონომიის, ფაუნისტური და ეკოლოგიური მახასიათებლების გამოკვლევა.
პროექტის სპეციფიური ამოცანებია:
I ამოცანა: საქართველოში გავრცელებული ბუგრების ტაქსონომიური შესწავლა გარეგან მორფოლოგიაზე, მორფომეტრიასა და ბარკოდინგზე დაყრდნობით. ბუგრების ანოტირებული სიის მომზადება და მეცნიერებისათვის ახალი სახეობების აღწერა;
II ამოცანა: მონოგრაფიის მომზადება საქართველოს კულტივირებული მცენარეების ბუგრების შესახებ;
III ამოცანა: დოქტორ ალექსანდრა ჯიბლაძის ბუგრების კოლექციის რევიზია;
IV ამოცანა: საქართველოში გავრცელებული ბუგრების სივრცული განაწილების ანალიზი;
V ამოცანა: სამეცნიერო პუბლიკაცი(ებ)ის მომზადება და წარდგენა მაღალრეიტინგულ ჟურნალ(ებ)ში.
პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენ გვექნება:
შედგენილი და გამოქვეყნებული საქართველოს ბუგრების ანოტირებული სია;
კავკასიისა და საქართველოს ფაუნებისათვის ახალი შეტყობინებული სახეობები და მეცნიერებისათვის ახალი სახეობები;
პირველად გამოქვეყნებული პუბლიკაცია საქართველოს ბუგრების დნმ-ბარკოდინგზე და შექმნილი დნმ ბარკოდების საცნობარო ბიბლიოთეკა საქართველოს ბუგრების სახეობებისათვის, იმ კავკასიური ბუგრების ტაქსონების ჩათვლით, რომლებიც არ ყოფილან შესწავლილი გენეტიკურად;
მაღალრეიტინგულ ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული პროექტის შედეგები;
გამოქვეყნებული მონოგრაფია საქართველოს კულტივირებული მცენარეების ბუგრების შესახებ;
ახალი შეგროვილი ეგზემპლარებით გამდიდრდებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტში დაცული ბუგრების კოლექცია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტში დაცული ა. ჯიბლაძის რევიზიაგავლილი ბუგრების კოლექცია, რაც მიყვება თანამედროვე სტანდარტებს;
ბუგრების სივრცული განაწილების შედეგები, რომლებიც ხსნის შემდგომ ეკოლოგიურად მნიშვნელოვან საკითხებს: ა) რომელი სიმაღლებრივი ზონები არის მდიდარი ბუგრების ენდემური ტაქსონებით საქართველოში; ბ) ბუგრების რამდენი მოკლე და გრძელდიაპაზონიანი ტაქსონებია გამოვლენილი საქართველოში; გ) ბუგრების მრავალფეროვნების განაწილებისათვის რა მალიმიტირებელი ფაქტორები არსებობს; დ) სად არის ბუგრების გავრცელების ზედა ლიმიტი საქართველოში და რომელი ტაქსონები გვხვდებიან “ბუგრების გავრცელების ზღვარზე“.
პროექტის შედეგებით ისარგებლებენ ტაქსონომისტები, ენტომოლოგები, უხერხემლოთა ზოოლოგები, მცენარეთა დამცველები, აგრონომები და ეკოლოგები. შედეგები აგრეთვე შეიძლება ხელსაყრელი იყოს ზოგადი და სასოფლო-სამეურნეო ენტომოლოგიის, უხერხემლო ცხოველთა ზოოლოგიისა და ეკოლოგიის სალექციო კურსების წაკითხვისას საქართველოს უნივერსიტეტებში.
ახალი სახეობების პარატიპები გადაეცემა მსოფლიოში წამყვან მუზეუმებს: ლონდონის, პარიზისა და სანქტ-პეტერბურგის ბუნების ისტორიის მუზეუმებში და ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისათვის.
პროექტები » ყველას ნახვა