ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2021-12-31 - 2025-12-30

თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები

მრავალწლიანი თანაცხოვრების შედეგად, მუსლიმებმა საქართველოს დედაქალაქში არაერთი წარწერა, თუ სხვა მატერიალური ძეგლი დატოვეს, რაც დღეს ჩვენი ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.  
ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხის გამორკვევისათვის. წარწერები ზოგჯერ ერთადერთ წერილობით წყაროს წარმოადგენენ. მათ ფაქტების ფიქსაციის დიდი სიზუსტე ახასიათებთ და მთელი რიგი ფასეული ისტორიული ცნობების დადგენის შესაძლებლობას გვაძლევენ. ამ მხრივ მეტად საინტერესოა არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებსაც  უაღრესად დიდი სამეცნიერო ღირებულება გააჩნია, როგორც საქართველოს ისტორიის პოლიტიკური ძვრების, ასევე ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონის ეთნო-რელიგიური შემადგენლობის დადგენისთვის ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე. 
საქართველოს არაბულენოვანი ეპიგრაფიკული მასალის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა პროფ. ცისია კახიანმა (1924-2012), რომელიც საქართველოში ამ დარგის ერთადერთი სპეცილისტი იყო. 
ჩვენი მიზანია, პროფ. ც. კახიანის საარქივო მასალების დახმარებით თბილისის არაბულ¬ენო-ვანი ეპიგრაფიკული ძეგლების კვლევა და, ამასთან, ახლად აღმოჩენილი წარწერების შესწავლა.  
კვლევის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ პროფ. ც. კახიანის არქივში დაცული მასალა უნიკალურია. მასში შემონახული და დაფიქსირებული რიგი წარწერებისა დღეს დაკარგულია, ამდენად, მათი კვლევა და ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება მხოლოდ საარქივო წყა¬როების მეშვეობითაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, ბოლო წლებში ძველი თბილისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაბულენოვანი წარწერები ზოგჯერ ქალაქში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო დაზიანების ან განადგურების საფრთხის ქვეშაა. ამის ნათელი მაგალითია, 2012 წელს პუშკინის ქუჩაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, ჰიჯრის II საუკუნით (ჩვ. წ. VIII ს) დათრიღებული წარწერა, რომელიც ამჯერად, კვლევ მიწის საფარის ქვეშაა.  წარწერის ამოკითხვა და კვლევა დღეს, მხოლოდ იმ უნიკალური ფოტომასალის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელიც, წინამდებარე პროექტის ავტორთა პირად არქივებშია დაცული. 
ჩვენი მიზანია თბილისის შესწავლილი არაბულენოვანი წარწერების თავმოყრა და ახლებური გაანალიზება. აგრეთვე, ჩვენთვის ცნობილი ან ახლად აღმოჩენილი წარწერების შესწავლა, რომლებიც მეცნიერულად ჯერ არ ყოფილა დამუშავებული. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პირველ რიგში შესწავლილი იქნება პროფ. ც. კახიანის არქივებში დაცული მასალების ის ნაწილი, რომელიც თბილისის არაბულენოვან წარწერებს ეხება. დაგეგმილია ხელნაწერების გაშიფვრა, ამ ხელნაწერებისა და ფოტო თუ გრაფიკული მასალების დიგიტალიზაცია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საველე მუშაობა - შეძლებისდაგვარად, თბილისში არსებული და დღემდე შეუსწავლელი წარწერების ფიქსაცია და გაშიფრვა. შეკრებილი მასალა დალაგდება ქრონოლოგიურად და განიხილება თბილისის ისტორიის ჭრილში.

 


პროექტები » ყველას ნახვა