ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2021-12-31 - 2025-12-30

მეგრული ენის ანოტირებული კორპუსი ფორმალური გრამატიკითა და ელექტრონული ლექსიკონით

განმახორციელებელი:: ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ვინაიდან გლობალიზაციამ მნიშვნელოვნად დააჩქარა მსოფლიოში ენათა გაქრობის პროცესები, უმწერლობო ქართველური ენების, და მათ შორის - მეგრულის, დოკუმენტირება და ციფრული არქივის შექმნა ქართველოლოგიის გადაუდებელ ამოცანად იქცა. ჩვენს თვალწინ ქრება მეგრელთა სხვადასხვა ტრადიცია, რიტუალები და ღარიბდება ზოგადად ლექსიკური ფონდი, ენის ფრაზეოლოგიური სისტემა; მიგრაციის პროცესებმა, რომელიც ბოლო  30 წელია განსაკუთრებით მზარდია, და  ყოველდღიურ ცხოვრებაში ტექნოლოგიების მოჭარბებამ ბევრი ღირებულების გაუფასურება და ტრადიციების რღვევა გამოიწვია, თაობებს შორის ენისა და კულტურის ტრანსმისია სათანადოდ არ ხდება.
წარმოდგენილი პროექტის მთავარი მიზანია:  ა) მეგრული ენის მონაცემთა კონსერვაცია და მომცველობითი ციფრული არქივის შექმნა; ბ) მორფოლოგიურად ანოტირებული კორპუსის შექმნა; გ) ლექსიკონისა  და ფორმალური გრამატიკის გენერირება Fieldwork Language Explorer (FLEx) პროგრამის გამოყენებით.  
პროექტის შედეგებია: მეგრული ენის ანოტირებული კორპუსი, ელექტრონული ლექსიკონი და ფორმალური გრამატიკა; ასევე ტექსტების ტრანკრიბირებისათვის საჭირო ონლაინ კონვერტორი. 
პროექტი ინტერდისციპლინურია, ერთმანეთს კვეთს ენისა და ტექნოლოგიების საკითხები, რაც უკავშირდება, ერთი მხრივ, ენისათვის ტექნოლოგიური ინსტრუმენტების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, ენობრივი მასალის დოკუმენტირებას. 
პროექტის შედეგები (მეგრული ენის ანოტირებული კორპუსი, ლექსიკონი, ფორმალური გრამატიკა, კონვერტორი) ელექტრონულად განთავსდება პროექტისათვის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერვერზე.


პროექტები » ყველას ნახვა