ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2020-12-31 - 2023-12-30

ქართლ-კახეთის სამეფოს (1744-1801) ფულადი პოლიტიკა და ისტორია

განმახორციელებელი:: ირაკლი ფაღავა

ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოს (1744-1801) გამორჩეული ადგილი უჭირავს XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიაში. ასევე გამორჩეულია ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებით შექმნილი ამ ქართული სახელმწიფოს ფულადი პოლიტიკაც და ისტორიაც.

ქართლ-კახეთის სამეფოს შექმნისთანავე თეიმურაზ II და ერეკლე II დაუყოვნებლივ მრავალი, როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ფულის გარეშე ამ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელი იყო. ახალი ქართული სახელმწიფოს არსებობის პირველი წლებიდანვე მის მესვეურებს მოუწიათ საკუთარი ფულად-მონეტარული პოლიტიკის შემუშავება და პერიოდულად გადახალისება კიდევაც. ამ მხრივ, ქართლ-კახეთის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა ჩაითვალოს ერეკლე II-ის მიერ სამთამადნო წარმოების აღდგენა და საკუთარი სამონეტო ლითონების - ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დიდი რაოდენობით მოპოვების დაწყებაც. რეგიონი უკვე რამდენიმე საუკუნეა უპირატესად ირანული თუ ირანული ყაიდის ფულით საზრდოობდა; თბილისის (ქართლის სამეფოს) ზარაფხანასაც უკვე საუკუნე-ნახევარზე ხანგრძლივი ტრადიცია და გამოცდილება გააჩნდა - ირანული ტიპის ვერცხლისა და სპილენძის ფული მოეჭრა (კახეთის ზარაფხანებში ფულის გამოშვება XVII საუკუნეში შეწყდა, მაგრამ იქაც ირანული ყაიდის მონეტები იჭრებოდა). თუმცა, ირანისგან უკვე მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობასა და შემდგომ განვითარებაზე მზრუნველი მმართველი ელიტისთვის ირანული ფულადი ტრადიციების შენარჩუნება მიუღებელი აღმოჩნდა. საკუთარი სახელმწიფოებრიობის ქონის ფაქტი აიძულებდა ქართლ-კახეთის მესვეურებს, ფულადი პოლიტიკის წარმოებისას ახლებური გზა ეძიათ, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნებოდა სამეფოსა და მისი მოსახლეობის საჭიროებებსა და ზრახვებს. ამის შესანიშნავი მაგალითია თუნდაც ერეკლე II-ის მიერ 1765/6 წელს განხორციელებული რეფორმა. ქართლ-კახეთის სამეფო ძალიან საინტერესო მაგალითია იმისა, შეცვლილ გარემოებებში თუ როგორ ჩაისახება და შემდეგ ტრანსფორმირდება პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით განცალკევებული ტერიტორიის - სახელმწიფოს ფულადი ისტორია; გარემოს ცვალებად პირობებში როგორ ევოლუციას განიცდის სახელმწიფოს მმართველი წრეების ფულადი პოლიტიკა.

ნაშრომის მიზანია შევისწავლოთ ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს (1744-1801) ფულადი ისტორია და ამ ქართული სახელმწიფოს ფულადი პოლიტიკა. 


პროექტები » ყველას ნახვა