
ფლავონოიდი ნობილეტინის მნიშვნელობა იშემიური პრეკონდიციის ფენომენის განვითარებაში
იშემიური ინსულტები დღეს-დღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სიკვდილიანობისა
ინვალიდობის მიზეზს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში, სისხლის მიმოქცევის სისტემის
ავადმყოფობების წილი ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა დაავადების 15.5%-ს, ხოლო ახალი
შემთხვევების 8.6%-ს შეადგენს. ავადმყოფობათა ამ ჯგუფში მაღალი ავადობით და სიკვდილიანობით
ხასიათდება ჰიპერტენზიული, იშემიური და ცერებროვასკულული ავადმყოფობები. 2000-2016 წლებში
საქართველოში აღინიშნება სისხლის მიმოქცევის ავადმყოფობების პრევალენტობის ზრდის
ტენდენცია. იშემიური ინსულტები ვითარდება თავის ტვინის სისხლით მომარაგების შემცირების
დროს, რომელსაც შეუქცევად თავის ტვინის დაზიანებებამდე მივყავართ. იშემიური პრეკონდიცია
წარმოადგენს ფენომენს, რომლის დროსაც მცირე სუბლეტალური იშემიური ეპიზოდები შემდგომში
უჯრედებს იცავს უფრო ძლიერი იშემია-რეპერფუზიული დაზიანებებისაგან. ამ ფენომენის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ ხანმოკლე იშემიური ინსულტები ან დროებითი მცირე სტრესი იცავს
უჯრედს უფრო ძლიერი დაზიანებისაგან. ფარმაკოლოგიური აგენტებით გამოწვეული პრეკონდიცია
წარმოადგენს პერსპექტიულ მიდგომას თავის ტვინის ინსულტების მკურნალობაში. ქიმიურ აგენტებს,
რომლებიც უსაფრთხოებითა და მაღალი მდგრადობით, ასევე ნეიროპროტექტორული ეფექტით
ხასიათდებიან, წარმოადგენენ დამაიმედებელ სამომავლო თერაპიულ საშუალებას იშემიური
ინსულტების სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი მცენარეული წარმოშობის ნაერთები. ამ კუთხით
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მცენარეული წარმოშობის პოლიფენოლური ნაერთების
მიტოქონდრიაში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების შესწავლა, რაც განპირობებულია ამ
ნაერთების მაღალი ბიოლოგიური შეღწევადობით და ეკონომიკური ხელმისაწვდომობით
საზოგადოების ფართო მასებისათვის. ნობილეტინი წარმოადგენს ციტრუსის O-მეთილირებულ
ფლავონოიდს, რომელიც ხასიათდება ანტისიმსივნური, ანტივირუსული, ნეიროპროტექტორული,
ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით და უჯრედის ტიპიდან გამომდინარე აქვს როგორც პრო- ასევე
ანტი-აპოპტოზური მოქმედება. ჩვენი წინა კვლევის შედეგად ვნახეთ, რომ ნობილეტინი იწვევს
მემბრანული პოტენციალის ტრანზიტორულად გაზრდას (ჰიპერპოლარიზაციას), რომელსაც თან
სდევს სუსტი დეპოლარიზაცია. ტრანზიტორულ ჰიპერპოლარიზაციას თან სდევს პეროქსიდების
პროდუქციის დროებითი მომატება, რომელიც ვნახეთ მიტოქონდრიასთან ნობილეტინის 5 წუთიანი
პრეინკუბაციის დროს. ინკუბაციის დროის გახანგრძლივება იწვევს დეპოლარიზაციას და
პეროქსიდების პროდუქციის შემდგომ შემცირებას. ზუსტი მოლეკულური მექანიზმი, რომელიც
მონაწილეობს ნობილეტინით გამოწვეულ ტრანზიტორულ ჰიპერპოლარიზაციაში დღეს-დღეობით
უცნობია. აშკარაა, რომ ტრანზიტორული ჰიპერპოლარიზაცია და პეროქსიდების სპაიკები იწვევს
მიტოქონდრიული ფუნქციების გადაპროგრამირებას ისეთ ფენომენზე, რომელსაც „იშემიური
პრეკონდიციის“ ანუ ჰორმეზისის ფენომენი ეწოდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანს
წარმოადგენს ფლავონოიდ ნობილეტინის მნიშვნელობის შესწავლა იშემიური პრეკონდიციის
ფენომენის განვითარებაში და იმ მოლეკულური მექანიზმების იდენტიფიცირება რომელიც ამ
ფენომენის განვითარებაშია ჩართული.
პროექტები » ყველას ნახვა