ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, მონაწილეობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან  პროგრამებში, აქვს საკუთარი სამაგისტრო პროგრამა – მოლეკულური მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები, ბიოფარმაცია, საკვები პროდუქტების მეცნიერება)  და სადოქტორო პროგრამები ბიოქიმიასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში.

ინსტიტუტში მუშავდება შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები:

  • ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები და უჯრედის რეგულაცია - პროგრამა შეეხება თანამედროვე ბიოსამედიცინო მეცნიერებების აქტუალურ პრობლემას და მოიცავს როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საშუალებით მიმდინარეობს ბიოლოგიური პროცესების მიზანმიმართული მართვა, და ამდენად, ეს ნაერთები ფართოდ გამოიყენება ბიოტექნოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, ფარმეცევტულ თუ კვების მრეწველობაში. პროგრამის მიზანია მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა, მათი მოქმედების მექანიზმების გარკვევა, უჯრედის რეგულაციურ სისტემებზე გავლენის დადგენა და ამ ნაერთების აქტივობის განმსაზღვრელი უჯრედული ტესტ-სისტემის შემუშავება. პროგრამის ფარგლებში შესწავლილი იქნება სხვადასხვა რეგულაციური მაკრომოლეკულის მნიშვნელობა ენდოკრინული და ანთებითი დაავადებების ინიციაციაში და გაირკვევა აღნიშნული დარღვევების კორექციის შესაძლებლობა საქართველოში გავრცელებული მცენარეული წარმოშობის პოლიფენოლური ნაერთებით. უჯრედული კულტურების გამოყენებით მოხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ციტოტოქსიკურობისა და ფარმაკოლოგიური პოტენციალის განსაზღვრა
  • მეხსიერების უჯრედული და მოლეკულური საფუძვლების შესწავლა - პროგრამა შეეხება სინაფსური პლასტიურობის ერთ-ერთ გამოვლინებას – მეხსიერებას. შეისწავლება მხედველობითი იმპრინტინგის მოდელი წიწილებში. ჩვენი მუშაობა ფოკუსირდება მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესებში გენთა ექსპრესიის ცვლილებების შესწავლაზე. ასევე გამოვიკვლევთ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს რეკოგნიციული მეხსიერების ჩამოყალიბებისა და შენახვის პროცესებში, მიკრო-რნმ-ების სპექტრის ცვლილებებს რეკოგნიციული მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესებში და ცილოვანი სპექტრის ცვლილებებს მეხსიერების ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიაზე. ამ მოდელზე მიღებული მონაცემები კვლევის მეორე ეტაპზე გამოყენებული იქნება მეხსიერების შენახვის ზოგადი მექანიზმების დადგენისა და გონებრივი დაავადებების მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებისათვის.
  • ეპილეფსიისა და ეპილეპტოგენეზის მოლეკულური და უჯრედული საფუძვლების კვლევა და ეპილეპტოგენეზის პრევენციის გზების ძიება - პროგრამის ფარგლებში შევისწავლით ცენტრალური ნერვული სისტემის ისეთ პათოლოგიურ ფუნქციურ აქტივობას, როგორიცაა ეპილეფსია. ეპილეფსიის ტიპებიდან კონცენტრირებას ვახდენთ კაინატით გამოწვეულ და პოსტტრავმული ეპილეფსიის ფორმებზე. ჩვენი მუშაობა მოლეკულური ბიოლოგიის განხრით ფოკუსირებულია შემდეგი საკითხების კვლევაზე: მიკროარეების ტექნოლოგიით ეპილეპტოგენეზის პროცესში გენთა ექსპრესიის ცვლილებებზე და ამ პროცესზე ინოზიტოლებით ქრონიკული დამუშავების ეფექტებზე; ასევე, ეპილეპტოგენეზის პროცესში მიკრო-რნმ-ების სპექტრში მიმდინარე ცვლილებებზე და ამ პროცესზე ინოზიტოლებით ქრონიკული დამუშავების ეფექტებზე; ჰისტონების იმ პოსტ-ტრანსლაციურ მოდიფიკაციებზე, რომლებიც ეპიგენეტიკურ ცვლილებებს განაპირობებენ და ინოზიტოლების ეფექტებზე; იმ გენების მეთილირების სტატუსის ცვლილებებზე, რომლებიც დიფერენციულად ექსპრესირდებიან მიკროარეების ექსპერიმენტების შედეგების მიხედვით და ამ პროცესებზე ინოზიტოლების ზეგავლენის შეფასებაზე; ცილოვანი სპექტრის ცვლილებებზე ეპილეპტოგენეზის პროცესში და ინოზიტოლებით დამუშავების შემდეგ. უჯრედული ბიოლოგიის განხრით ჩვენი მუშაობა დაფუძნებული იქნება ნეირონული უჯრედის ულტრასტრუქტურის ცვლილებების შესწავლაზე სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობის დროს და in vitro ელექტროფიზიოლოგიური მეთოდებით ამა თუ იმ ნორმალური თუ პათოლოგიური მდგომარეობის მოდელების კვლევაზე. ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპის გამოყენებით შესწავლილი იქნება ჰიპოკამპის ცოცხალი ნეირონის დენდრიტული ხორკლების სამგანზომილებიანი აღნაგობა, ძვრადობა, განლაგების სიმკვრივე და მექანიკური თვისებები (ვისკოელასტიურობა) უჯრედის სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობისას. ანათლების პრერატებზე სხვადასხვა მეთოდით განხორციელდება ეპილეფსიური განმუხტვების გამოწვევა და შემდგომში ჩვენთვის საინტერესო ფარმაკოლოგიური ნივთიერების (მაგალითად, ინოზიტოლების) ზეგავლენის შესწავლა აღნიშნულ განმუხტვებზე. ამრიგად, ჩვენ შევისწავლით არა მარტო ეპილეპტოგენეზის პროცესის უჯრედულ და მოლეკულურ საფუძვლებს, არამედ მის პრევენციის გზებსაც. ჩვენი მიდგომა ინტეგრაციულია – ბიოქიმიური, მოლეკულურ-ბიოლოგიური, ელექტროფიზიოლოგიური და მორფოლოგიური თანამედროვე მეთოდების კომპლექსურად გამოყენება ხარისხობრივად მნიშვნელოვანი შედეგების მიღების საშუალებას იძლევა.

 პუბლიკაციები

2008  

2009  

2010  

2011  

2012  

2013  

2014  

2015  

2016  

2017  

2018  

2019

2020 

ინსტიტუტის თანამშრომლები

საკონტაქტო ინფორმაცია

დავით მიქელაძე, დირექტორი, სრული პროფესორი
2 22 17 03; 577 421 170
davit_mikeladze@iliauni.edu.ge
dgmikeladze@gmail.com

რევაზ სოლომონია, დირექტორი, სრული პროფესორი
2 22 17 03; 599 197 665
revaz_solomonia@iliauni.edu.ge
Ros@1000.pvt.ge


ინსტიტუტები » ყველას ნახვა