
მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი და სკოლა "თავის ტვინი და ნეიროპლასტიკურობა: სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები"
მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი და სკოლა „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“ გაიმართება 2023 წლის 25-30 მაისს, თბილისში. ძირითადი კონცეფცია საქართველოში ნეირობიოლოგიის/ნანობიოლოგიის/ექსპერიმენტული ნეირომედიცინის განვითარების, ქართველი ნეირო/ნანომეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის და ახალგაზრდა მეცნიერების აღნიშნული მიმართულებით დაინტერესების ხელშეწყობაა. პროექტის წარმდგენების მიერ ასეთი ღონისძიებების წარმართვა უკვე ტრადიციაა. ყოველ ღონისძიებაზე უახლესი ტექნიკური მიდგომებით მიღებული შედეგები და ნეიროპლასტიურობის კვლევის უახლესი ქვემიმართულებები განიხილება. 2023 წლის სიმპოზიუმის/სკოლის ფარგლებში წამყვანი ყურადღება დაეთმობა თავის ტვინის კვლევებში მულტიმოდალური/სუპერრეზოლუციული მიკროსკოპიის უახლესი მიდგომების გამოყენებას. 25-27 მაისს საკუთრივ სიმპოზიუმი გაიმართება, 27-30 მაისს - ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა. სამუშაო ენა ინგლისურია. სიმპოზიუმის მონაწილეები იქნებიან 80 ნეირომეცნიერი, ნანონეირომეცნიერი, ექსპერიმენტული მედიცინის წარმომადგენელი, კლინიცისტი/ნევროლოგი, მიკროსკოპისტი საქართველოს, აშშ-ს, კანადას, შვეიცარიის, უნგრეთის, ისრაელის, ფინეთის, საფრანგეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა ქვეყნებიდან. იმუშავებს 9 სამეცნიერო სესია (ნეიროპლასტიურობის კვლევის სხვადასხვა მიმართულებები, მულტიმოდალური/სუპერრეზოლუციური მიკროსკოპია), პოსტერული და ახალგაზრდა ნეირომეცნიერთა სესიები. მოსმენილი იქნება 5 პლენარული მოხსენება. ახალგაზრდებს შორის საუკეთესო პოსტერის ავტორს ტრადიციულად Sigma Xi-ის ჯილდო გადაეცემა. დამატებითი სესიები იქნება: (1)ექსპერიმენტული ცხოველები; ნეირონული ხაზები თუ კვლევები ცხოველებზე? (2)ნეირომეცნიერების პრომოტირება, (3)ნეირომეცნიერება და ეთიკა, (4)ქალბატონები-ნეირომეცნიერები, (5)მრგვალი მაგიდა „ნეირომეცნიერების პერსპექტივები“. სპეციალური დრო დაეთმობა დისკუსიებს და მომავალი კოლაბორაციების დაგეგმვას. სკოლის ფარგლებში ჩატარდება ლექციები (27-28 მაისი) და პრაქტიკული მეცადინეობები (28-30 მაისი). სკოლაში მონაწილეობას მიიღებს 20 ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოს უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან. თემატიკაა: (ა)ელექტრონული მიკროსკოპია/ელექტრონულ-მიკროსკოპული იმუნოციტოქიმია, ელექტრონულ-მიკროსკოპული მორფომეტრია, (ბ)ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპია, (გ)კორელაციური მიკროსკოპია, (დ)მოლეკულური არქიტექტონიკა, (ე)სუპერრეზოლუციური/მულტიმოდალური მიკროსკოპია, (ვ)სამგანზომილებიანი ნეირონი. სკოლის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩაერთვებიან სიმპოზიუმის უცხოელი მონაწილეები. ღონისძიების თემატიკა შეესაბამება ორგანიზატორების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ამასთანავე, ყოველ მათგანს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
პროექტები » ყველას ნახვა