ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2021-12-31 - 2025-12-30

თეთრი ხმაურის ეფექტი თავის ტვინის ფუნქციაზე და ნეიროტრანსმიტერის გამოყოფის მანქანაზე

განმახორციელებელი:: ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

მაღალი ინტენსიობის ხანგრძლივი თეთრი ხმაურით გამოწვეული პოსტტრავმული სტრესი, სხვა უარყოფით ცვლილებებთან ერთად, ადამიანებში მეხსიერების დაქვეითებას და ემოციური სფეროს ცვლილებებს იწვევს. ასეთი შედეგები ხშირად ვლინდება საბრძოლო მოქმედებებიდან დაბრუნებულ ათასობით ჯარისკაცებში და დაბალი და საშუალო ეკონომიკის ქვეყნების მილიონობით მაცხოვრებლებში. ნერვულ ტერმინალში ნეიროტრანსმიტერის გამოყოფაში ჩართულია 15 ნმ-ის სიდიდის, თასის ფორმის, 40 ცილისგან შემდგარი ლიპოპროტეინული სტრუქტურა - პოროსომა (განსხვავებით ბირთვული ფორული კომპლექსისგან, რომლის ზომა 120 ნმ-ია, ხოლო შემადგენლობაში >500 ცილოვანი მოლეკულაა). პოროსომას რიგი ცილები ნეიროტრანსმისიასა და ნევროლოგიურ დაავადებებში მონაწილეობენ. კერძოდ, პოსტტრავმული სტრესის გავლენით, იცვლება პოროსომას ისეთი ცილები, როგორიცაა Na+/K+ ATPაზა, კალციუმის ATPაზა, სინაფთოფიზინი და სინტაქსინი-1. ჩვენი უახლესი მონაცემები მიუთითებენ, რომ ჰიპოკინეზური სტრესის და ხმაურის შედეგად, ამიგდალაში, ქვედა ორგორაკში და მედიალურ დამუხლულ სხეულში ვლინდება პოროსომას მორფოლოგიური ალტერაციები, რაც იძლევა საფუძველს დაშვებისთვის, რომ ცვლილებები ასევე ვითარდებიან პოროსომული კომპლექსის ქიმიზმსა და ფუნქციაში  - ნეიროტრანსმისიაში, რაც საბოლოო ჯამში, თავის ტვინის ფუნქციაზე უნდა აისახოს. წარმოდგენილ პროექტში აღნიშნული ჰიპოთეზა ორივე სქესის ვირთაგვებზე შემოწმდება. მიზანი - თეთრი ხმაურით გამოწვეული პოროსომას მოლეკულური ალტერაციების და თავის ტვინის შესაბამისი ფუნქციური ცვლილებების გამოვლენაა. კერძოდ, შესწავლილი იქნება: 1 - მაღალი ინტენსიობის თეთრი ხმაურის ეფექტი ბაზოლატერალური ამიგდალას, მედიალური დამუხლული სხეულის და ჰიპოკამპის პოროსომული კომპლექსის აღნაგობასა და ქიმიურ შემადგელობაზე; 2 - როგორ აფექტირდება ამ უბნებში ნეიროტრანსმისია; 3 - როგორ ვლინდება თეთრი ხმაური დასწავლაზე, მეხსიერებაზე და ემოციურ სფეროზე. კვლევა შესრულდება 6 თვის (ზრდასრულ) მამრ და მდედრ ვისტარის ხაზის ვირთაგვებზე. 5, 10 და 30 დღე, ყოველდღიურად 1 საათი,  ისინი იქნებიან სხვადასხვა ინტენსიობის ქრონიკული თეთრი ხმაურის [10, 25 and 100 dB] ზემოქმედების ქვეშ. პოროსომას აღნაგობაში, ქიმიზმსა და ფუნქციაში ცვლილებების გამოსავლენად, მოხდება თავის ტვინის ზევით ჩამოთვლილი უბნების იზოლაცია: ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით, შესწავლილი იქნება პოროსომული კომპლექსის ულტრასტრუქტურა, პოროსომული კომპლექსის ქიმიური შემადგელობა გაშუქდება ვესტერნ ბლოტინგით, ხოლო პოროსომული კომპლექსის ფუნქცია - აღნიშნული უბნების ანათლებსა და სინაფთოსომებში ფუნქციურად რეკონსტრუირებულ პოროსომებზე, EPC9 „bilayer assays“-ს გამოყენებით. ხმაურის შედეგად, დასწავლის, მეხსიერების და ემოციური სფეროს პოტენციური  ცვლილებები გაშუქდება მრავალხიდიანი ლაბირინთის, მორისის წყლის ავზის, ღია ველის და ამაღლებული ჯვარედინი ლაბირინთის ტესტებით. კვლევის შედეგად გამოვლინდება მაღალი ინტენსიობის თეთრ ხმაურთან ასოცირებული პოსტტრავმული სტრესის მოლეკულური ეფექტები და შესაბამისი ცვლილებები თავის ტვინის ფუნქციაში. შედეგები ასევე ხელს შეუწყობენ ნეიროტრანსმისიის პროცესის უფრო ფართო გაგებას.


პროექტები » ყველას ნახვა