ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2021-03-01

"ტობის წიგნის" მრავალენოვანი ანოტირებული ელექტრონული პარალელური კორპუსული გამოცემა

პროექტი წარმოადგენს ჩემი სადოქტორო ნაშრომის „ტობის წიგნის ქართული თარგმანი
(ტექსტის წარმომავლობის, ისტორიისა და თარგმანის ტექნიკის საკითხები)“ ერთგვარ გაგრძელებას.
სადოქტორო კვლევამ აჩვენა, რომ ტობის წიგნის ძველი ქართული ვერსია ბერძნულიდანაა
ნათარგმნი და ე.წ. GIII
-ის ტიპის ტექსტს შეიცავს, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი
ბერძნულსა და სირიულ ენებზე. GIII წარმოადგენს GI
-ისა და GII
-ის კომბინაციას და ასევე გააჩნია
საკუთარი იკითხვისები, GIII
-ის ეს შერეული ხასიათი ვლინდება ტობის წიგნის მთლიანი ძველი
ქართული თარგმანის (OGeo) მანძილზე, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ უნდა
არსებულიყო სრული GIII ტიპის ტექსტუალური ფორმა, რომლიდანაც ტობის წიგნი ითარგმნა
ქართულად.
პროექტის ფარგლებში მომზადდება ტობის წიგნის ბერძნული (სამივე ტექსტუალური
ფორმის), სომხური და ქართული ვერსიების პარალელური ელექტრონული გამოცემა, რომელიც,
ამავდროულად, იქნება ანოტირებული (თითოეულ სიტყვას მიეთითება გრამატიკული ფორმა და
ინგლისური თარგმანი).
ციფრული გამოცემა შესრულდება ტექსტის სამეცნიერო ელექტრონული გამოცემის
სტანდარტის - TEI (Text Encoding Initiative) მიხედვით. პროექტის ფარგლებში მომზადდება
აღნიშნული ხელნაწერების (მათი მეტამონაცემებისა და ტექსტის) XML ფორმატში კოდირებული
ფაილები, რის საფუძველზეც აიგება მონაცემთა ბაზა და ვებგვერდი პარალელური ტექსტებისათვის.
ტობის წიგნის პარალელური კორპუსული გამოცემის სარედაქციო ფოკუსს განსაზღვრავს
ჩატარებული სადოქტორო კვლევა, შესაბამისად, ციფრული გამოცემა წარმოაჩენს კვლევის შედეგად
ჩამოყალიბებულ ვარაუდებს.
თითოეული ხელნაწერის XML კოდირება, გარდა სტანდარტით გათვალისწინებული
კოდირების მინიმალური მოთხოვნებისა (მეტამონაცემები და ტექსტი), გამდიდრებული იქნება
ბმულებით დაკავშირებული პრინციპის (ე.წ. Linked Data) მიხედვით და ვრცელი ლინგვისტური
ანოტირებით. თითოეული სიტყვა იქნება თაგირებული და მიეთითება შესაბამისი სალექსიკონო
ფორმა, ლემა. სტანდარტის მიხედვით კოდირებული იქნება როგორც ტექსტის სტრუქტურული
ელემენტები და პალეოგრაფიული მახასიათებლები, ისე - პირთა და გეოგრაფიული სახელები.
ამგვარი მიდგომა საშუალებას მოგვცემს შეიქმნას და ვებგვერდზე განთავსდეს მრავალფეროვანი
საინდექსაციო გვერდები. 


პროექტები » ყველას ნახვა