
„XVII-XIX საუკუნეების ევროპული რელიგიური მისიების წყაროთა ინტერპრეტაციისათვის. საქართველო ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან
კვლევა კომპლექსურია და მიზნად ისახავს საქართველოში კათოლიკური ინკულტურაციის პროცესის საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი, ლექსიკოგრაფიულ-ფილოლოგიური და სოციალ-პოლიტიკური ასპექტების რეკონსტრუქციას ახლადგამოვლენილ ქართულ და უცხოურ (იტალიური, ფრანგული, ლათინური, რუსული) წყაროებზე დაყრდნობით. შესაბამისად, კომპლექსურია მეთოდოლოგიური მიდგომა.
წყაროთა დოკუმენტირება და განსხვავებული პერსპექტივიდან დამუშავება მოხდება ციფრული პროსოპოგრაფიის მიდგომით. შეიქმნება სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზა, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ მოვლენათა და მასში მონაწილე სოციალური ჯგუფების რეკონსტრუქციის ინსტრუმენტად ითვლება. შექმნილი რესურსი მოგვცემს როგორც არსებული თვალსაზრისების გადასინჯვის, ისე ახალი, სტრუქტურირებულ მონაცემებზე დამყარებული დასკვნების გაკეთების საშუალებას: რამდენად აქტიურად მონაწილეობდნენ ევროპული რელიგიური მისიები ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რა ახალი ცოდნა, გამოცდილება შემოჰქონდათ ქვეყანაში და თავად რას ითვისებდნენ ადგილობრივებისგან, რომელ ინსტიტუციებთან, სოციალურ ჯგუფებთან/პირებთან ჰქონდათ ურთიერთობები და რა გავლენას ახდენდნენ მათზე, რა როლი ითამაშეს მისიონერებმა, როგორც ერეკლე მეორის ელჩებმა დასავლეთის უმაღლესი საერო და სასულიერო პირებთან ურთიერთობაში და ა. შ. XVII-XVIII საუკუნის რელაციები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი ქართველი და ევროპელი კათოლიკეების მიკროისტორიები, შესწავლილი იქნება პროსოპოგრაფიისა და ქსელური ანალიზის, ასევე კარლო გინძბურგის მიკროისტორიის კვლევის მეთოდოლოგიაზე (გინზბურგი 2011) დაყრდნობით.
გამოსაცემად მომზადდება დღემდე უცნობი ორი მისიონერული ლექსიკონი: ანონიმი მისიონერი ავტორის მიერ ლათინურად დაწერილი ქართული ენის მოკლე გრამატიკა და ლექსიკონი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნ. A 1455), რომელიც ლათინურ ენაზე ქართულის ერთადერთ რეპრეზენტაციად შეიძლება ჩაითვალოს და 2012 წელს კაპუცინელების არქივში მიკვლეული ემანუელე და იგლესიასის ორენოვანი (ქართულ-იტალიური, იტალიურ-ქართული) ლექსიკონი და მოკლე გრამატიკა. გამოსაცემად მომზადდება მისიონერთა სოციალური და კულტურული ყოფის, ადგილობრივ სოციალურ ჯგუფებთან მათი ურთიერთობის ამსახველი დღემდე უცნობი წყაროები, მათ შორის უცხოელთა მიერ ქართულ ენაზე დაწერილი რელიგიური ლიტერატურა.
აღნიშნული წყაროები მნიშვნელოვანია საქართველოში შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გადასვლის, მოდერნულობის საწყისი ეტაპისა და სემანტიკის გაჩენის, XVIII-XIX საუკუნეების მრავალმხრივი პროცესების საკვლევად. მათში გამოწვლილვითაა აღწერილი ერეკლეს რეფორმები, მათ შორის ახალი პროფესიული მეწარმე და სავაჭრო თემების გაჩენა, დაქირავებული ჯარის შექმნა, ქვეყნის ურთიერთობა დასავლელ სუვერენებთან იქაური ჯარისა და სამეურნეო წესების გადმოღების მიზნით და ა.შ.). სამეურნეო და სტრატეგიული თვალსაზრისით ერეკლესეული გეგმები დამუშავდება შუა საუკუნეებში მოდერნულობის სემანტიკის გაჩენის შესახებ მეთოდოლოგიური კონცეპტების გათვალისწინებით (Giddens 1990).
კათოლიკური მისიების წყაროები საინტერესოა ადრეული გლობალური ისტორიის კვლევის პერსპექტივიდანაც. ამ თვალსაზრისით გაანალიზებული იქნება ცოდნის ცირკულაციის პროცესი ევროპელ კათოლიკეებსა და ადგილობრივებს შორის (B. Lightman 2016, Joh. Östling et all. 2018).
კვლევითი პროექტის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოში სხვადასხვა ორდენის კათოლიკური რელიგიური ჯგუფების იდენტობის, ქვეყნის ისტორიაში მათი როლის წარმოჩენის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით დაგეგმილია კათოლიკური რელიგიური თემისა და პროფილური სასწავლო-კვლევითი ინსტიტუციების აქტიურად ჩართვა კვლევის შედეგების გავრცელების ღონისძიებებში.
პროექტები » ყველას ნახვა