
ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგია
წარმოდგენილი პროექტის მიზანია ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგიის შესწავლა და აღწერა. უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ეს ენა ამ დროისთვის ნაკლებად შესწავლილია. საერთოდ, ქართული ჟესტური ენა არის საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანთა ენა. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყრუები წარმოადგენენ ლინგვისტურ უმცირესობას. აღსანიშნავია, რომ მათი ენა არ სხვაობს ნაციონალური ნიშნით, არამედ ეს არის ერთიანი ქართული ჟესტური ენა, რომელსაც აქვს ინდივიდუალური, ანუ კერძო გრამატიკული სისტემა. ამ ენის სისტემის ჯეროვანი დეტალური კვლევა კი ახლა მიმდინარე პროცესშია. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ჩატარდა ამ ენის ზმნის მოფლოგიის კვლევა და 2019 წელს გამოიცა თამარ მახარობლიძის მონოგრაფია „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია“. ენის მორფოლოგიის სრული კურსის შესაქმნელად კი საჭირო და აუცილებელია სახელთა მორფოლოგიის კვლევების ჩატარება.
რამდენადაც ჟესტური ენის კვლევა ახალი დარგია საქართველოში, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მჭიდრო თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან. გვეყოლება კვალიფიციური უცხოელი კონსულტანტი, რომელსაც მოვიწვევთ საქართველოში. კონსულტაციები გვექნება კომპიუტერული ონლაინ საშუალებით და პირისპირ. ასევე დაგეგმილია საკონსულტაციო მივლინებები უცხოეთის უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებში, რათა უკეთ გავეცნოთ ჩვენი უცხოელი კოლეგების ნაშრომებს, მათი მუშაობის სტილსა და სპეციფიკას ამ დარგში და კერძოდ, საკვლევ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, ასევე უცხოელ კოლეგებს წარვუდგენთ ჩვენი კვლევების შედეგებს.
წარმოდგენილი პროექტის შედეგად შეიქმნება შემდეგი პროდუქტი:
ერთი ნაბეჭდი წიგნი მონოგრაფია (‘ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგია’);
მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნებული ერთი სტატია;
ორი ადგილობრივი პუბლიკაცია;
ოთხი მცირე თემატური ელექტრონული ლექსიკონი განთავსებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტზე;
ქართული ჟესტური ენის მასალის არქივი, რომელიც შეინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ჟესტური ენის ლაბორატორიაში;
ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგიის საბაკალავრო პროგრამა/კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.
კვლევის მიზნებსა და ამოცანებს შეესაბამება სათანადო მეთოდოლოგია. წმინდა ლინგვისტური მეთოდები არის დესკრიფციული და ასევე ტიპოლოგიური. უნდა გამოვლენილი იქნეს ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგიური კატეგორიები ყრუ წყაროებთან მუშაობის შედეგად, უნდა დადგინდეს ამ კატეგორიათა მარკერები და საოპოზიციო სისტემები.
ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგიის კვლევები როგორც აღვნიშნეთ, მოიაზრებს მცირე თემატური ელექტრონული ლექსიკონების შექმნას საძიებო სისტემებით და ეს უკვე არის კომპიუტერული ლინგვისტიკისა და ლექსიკოლოგიის სფეროები, რაც წარმოადგენს კვლევის ინტერდისციპლინარულ განვითარებას. ჩასატარებელი კვლევების ინტერდისციპლინურობა ასევე მოიაზრება ამ პროექტის მოსალოდნელი წვლილით ინკლუზიური განათლების სფეროში, რაც თავისთავად ფასდაუდებელია როგორც საზოგადოებრივ-კულტურული, ასევე სოციალური თვალსაზრისით. რამდენადაც ყრუები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ასევე საქართველოშიც წარმოადგენენ ლინგვისტურ უმცირესობას, მათი ენისა და კულტურის კვლევები ქვეყნის პროგრესისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შენატანია.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად წაადგება ახალგაზრდა მეცნიერის პროფესიულ განვითარებასა და მის კარიერას.
პროექტები » ყველას ნახვა