
ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი
რეგიონული განვითარების პოლიტიკა, როგორც ეკონომიკიური განვითარების, დასაქმების ზრდის, სოციალური დაცვისა და ცხოვრების დონის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებათა ერთობლიობა, აქტუალობას იძენს 50-იანი წლებიდან მოყოლებული. აღნიშნული პოლიტიკის მიზანია რეგიონის ეკონომიკური აქტივობების (დასაქმება და სიმდიდრის გენერირება) მხარდაჭერის გზით რეგიონული უთანასწორობის შემცირება. თბილისი არა მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ცენტრიცაა. თბილისში იქმნება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 49%. თბილისში ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 31%-ია თავმოყრილი, რაც 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით 1.16 მლნ კაცს წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში ზოგადი ტენდენციაა მიზიდულობის ცენტრებთან მიმდებარე ტერიტორიების ეკონომიკური კავშირების შესწავლა. თბილისთან სიახლოვის გამო კვლევის ფარგლებში თბილისის მიმდებარე ტერიტორიის საკვლევ არეალად შეირჩა ქვემო ქართლის რეგიონი. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს თბილისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ქვემო ქართლის) კონკურენტული ეკონომიკური ქვესექტორების გამოვლენა, შესწავლა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული ხელს შეუწყობს თბილისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების კონკურენტუნარიანობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობისა და ცხოვრების დონის ზრდას, აგრეთვე სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირებას. მიმდინარე კვლევა ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებული Smart Specialisations-ის სტრატეგიას, რომელიც ადგენს ეროვნული და რეგიონული დონის პრიორიტეტებს, რათა შექმნას კონკურენტული უპირატესობები კვლევისა და ინოვაციების ძლიერი მხარეების მისადაგებით ბიზნესის საჭიროებებთან.
პროექტები » ყველას ნახვა