
მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამა
მაღალმთის ეკოსისტემების კვლევა გლობალური მეცნიერული და პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახეობრივი და ეკოსისტემური მრავალფეროვნების, ეკოსისტემების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის, წყლის მენეჯმენტის, გლობალური ცვლილებების (კლიმატის, მიწათსარგებლობის) ეკოლოგიური პერსპექტივების, მთის ლანდშაფტების გამოყენების, ბიოლოგიური რესურსების, ეკოსისტემების დაცვა-აღდგენითი ღონისძიებებისა და მდგრადი მენეჯმენტის, ეკოლოგიური განათლების საკითხებს და სხვ.
“მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამის“ მიზანია საქართველოს მაღალმთის ეკოსისტემების კომპლექსური კვლევა ყველა აქტუალური მიმართულებით:
- მაღალმთის ფლორისა და მცენარეულობის მრავალფეროვნების შესწავლა;
- ეკოსისტემების სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის კვლევა;
- მაღალმთის სტრეს-დომინანტური გარემოსადმი მცენარეთა ადაპტაციური სტრატეგიებისა და მექანიზმების შესწავლა;
- გლობალური ცვლილებების (კლიმატის, მიწათსარგებლობის) ეკოლოგიური პერსპექტივების გამოვლენა;
- მთის ლანდშაფტების გამოყენების შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;
- ეკოსისტემების და სახეობების დაცვა-აღდგენითი ღონისძიებებისა და მდგრადი მენეჯმენტის მეცნიერული საფუძვლების შემუშავება;
- ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება;
- საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებისა და ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა.
პროგრამა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ წმინდა სამეცნიერო საკითხების გადაწყვეტას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა-მომზადებას, არამედ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული რესურსების დაცვას, მდგრად გამოყენებას და საჭიროებისამებრ - აღდგენას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროფილის ინსტიტუტები არსებობს აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, იტალიაში, შვეიცარიაში და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალმთის ეკოსისტემების შესწავლას დიდი ტრადიციები გააჩნია.
საქმიანობა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილ პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციაში: ინსბრუკის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი (ავსტრია), ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია), ბაზელის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი (შვეიცარია), იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია), ბერლინ-დალემის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკური მუზეუმი (გერმანია), ვეიკის ტყის უნივერსიტეტი (ვაიომინგი, აშშ), მისურის ბოტანიკური ბაღი (აშშ), IUCN-The World Conservation Union (შვეიცარია), Global Mountain Biodiversity Assessment – GMBA (შვეიცარია), Global Observation Research Initiative in Alpin Enviroments - GLORIA-EUROPE (ავსტრია).
პროექტები » ყველას ნახვა